ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამხახური უარყოფს ყოფილ მთავარ პროკურორ, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, სამინისტროს მანქანების მომსახურების შესახებ. ამ თემაზე უწყება სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
„არც ერთი ავტომობილი, რომელიც განცხადებაში და ეგრედწოდებულ „ვიდეომტკიცებულებაში" არის ნახსენები, არ იმყოფება საგამოძიებო სამსახურის ბალანსზე და არც არასდროს ყოფილა" , - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
ფინანსური პოლიციის მტკიცებით, სიმართლეს ასევე არ შეესაბამება ინფორმაცია,რომ ოთარ ფარცხალაძეს საგამოძიებო სამსახურის დაცვის თანამშრომლები იცავს და ემსახურება.
„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მსგავსი ქვედანაყოფი არ გააჩნია, არ არსებობს დაცვისა და პიროვნების პირადი კონტროლის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეული" , - წერია განცხადებაში.
13 მაისს „ევროპულმა საქართველომ" „Facebook"-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეოკადრები იმის დასადასტურებლად, თუ როგორ ემსახურება ოთარ ფარცხალაძეს ფინანსური პოლიციის სახელმწიფო დაცვა.