მოსაზრება
15.05.2017

თორნიკე ამირხანაშვილი

12 აგვისტო, დიდგორობის დღესასწაული, შესაძლოა, დასვენების დღედ არ გამოცხადდეს. "ქართული ოცნების" წევრი პარლამენტარი აკაკი ზოიძე ამის მიზეზად იმ გარემოებას ასახელებს, რომ ოფიციალური დასვენების დღეები საქართველოში ისედაც მეტისმეტად ბევრია და ახალი დღესასწაულების შემოღებით, შესაძლოა, წლის განმავლობაში დასვენების დღეების რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდეთ.

მისივე ცნობით, პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფი გეგმავს, ერთობლივად განიხილოს ყველა დასვენების დღე და საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს, მიიღოს შესაბამისი კანონი.

შეგახსენებთ, რომ 23 მარტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა დიდგორობის დღესასწაულის "დიდი გამარჯვების დღედ" გამოცხადებასა და უქმედ დაწესებას. თუმცა თურქეთის საელჩომ ინიციატივის ავტორებს კანონპროექტში ცვლილებების შეტანის თხოვნით მიმართა. თურქეთის მხარე მიიჩნევს, რომ დიდგორის ბრძოლა მათი დამარცხების დღეა.

კანონპროექტის ერთ-ერთი თანაავტორის - აკაკი ზოიძის განცხადებით, სამუშაო ჯგუფი გეგმავს ყველა დასვენების დღის გადახედვასა და ერთობლივად განხილვას, რის შედეგადაც შესაძლოა, ზოგიერთი დღესასწაული გაუქმდეს, ან უკვე არსებულებს აღარ დაემატოს ახალი დასვენების დღე.

"გადახედვის გარეშე დასვენების დღეების მიმატება - დიდგორობა, ხარება... მათ საერთო რაოდენობას 21-მდე აიყვანს და საქართველო დასვენების დღეების რაოდენობით პირველ ადგილზე გადავა", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×