სოფელ ხანდოსხევში მიმდინარე აქციაზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ვაჟა ჩოხელის გამოჩენას ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
ადგილობრივებმა ვაჟა ჩოხელი გულგრილობაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ მან მიაწოდა ინფორმაცია სამინისტროს, თითქოს მოსახლეობა ელექტრომაგისტრალის მშენებლობაზე თანახმა იყო.
კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. გამგებლის განცხადებით, პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობას ინფორმაცია წინასწარ, რამდენიმეჯერ მიაწოდეს. აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ, მათი თქმით, მძიმე ტექნიკას მუშაობის გაგრძელების საშუალებას არ მისცემენ.
აქციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა.
„აქ არის ორი მომენტი, პირველი - ვინც ეწინააღმდეგება ზოგადად ხაზის მშენებლობას მინდა, ვუთხრა მათ, რომ არანაირი ხაზი არ გადადის სახლის სახურავებზე. დაშორებულია 100-150 მეტრით სახლებიდან. არანაირი უფლება არ აქვთ მათ, რომ გააჩერონ მშენებლობა", - განაცხადა ელოშვილმა.
აქციაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.