რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსთან დაკავშირებით ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს. სერგეი ლავროვის უწყებაში დოკუმენტს „მიკერძოებულს" და „აბსურდულს" უწოდებენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ქართული დელეგაცია ჟენევის დისკუსიების დროს კონსტრუქციულად მუშაობაზე სისტემატურად უარს ამბობს.
„ასეთ სიტუაციაში სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ ჟენევის შეხვედრების ამჟამინდელ ფორმატში გაგრძელებაზე" , - წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
4 მაისს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, წევრმა ქვეყნებმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. გადაწყვეტილებით ყურადღება გამახვილდა რუსეთის საერთაშორისო სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე და პირველად დაფიქსირდა, რომ კონფლიქტი არის რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის.
ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმართ რუსეთის პოლიტიკა და ქმედებები, მათ შორის ე.წ. რეფერენდუმები და არჩევნები, ხელს უშლის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია, რომ რუსეთის არცერთ უკანონო აქტს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების სტატუსის შეცვლას, არ ექნება სამართლებრივი შედეგი.