საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვალერი კვარაცხელიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ვალერი კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ მისი გადადგომა ბეჟან ფარცვანიას საკითხს არ უკავშირდება,რომელიც მისი ნათესავია და ე.წ. ფოტოგრაფების საქმეში ფიგურირებს.
„ეს გადაწყვეტილება მიღებული მაქვს დაახლოებით ორი თვის წინ. უბრალოდ პრემიერმა ახლა გადაწყვიტა მისი დაკმაყოფილება" , - განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ.
ფოტოგრაფმა გია აბდალაძემ 4 მაისს სასამართლოს მისცა ჩვენება, რომ დაკავებისას კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანთან და უკვე ბრალდებულ დავით დევნოზაშვილთან ერთად, მასზე ზეწოლაში კიდევ ერთი პირი მონაწილეობდა, რომელიც ამჟამად „დინამოს" ბაზის უსაფრთხოებას ხელმძღვანელობს. აბდალაძეს სახელი და გვარი არ ახსოვდა, თუმცა განიხილება ვერსია, რომ ის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი ბეჟან ფარცვანიაა.
ჯანდაცვის სამინისტრომ მინისტრის მოადგილის გადადგომასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. უწყებაში ამბობენ,რომ ვალერი კვარაცხელიამ თანამდებობა მისი სურვილით დატოვა.
ვალერი კვარაცხელია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ 2014 წლის 22 ოქტომბრიდან მუშაობდა.