განათლების მინისტრმა საერთაშორისო კომპანიის „Timss and Pirls"-ის კვლევა გამოაქვეყნა,რომელიც 2015 წლის შედეგებს მოიცავს. საერთაშორისო კვლევის თანახმად, საქართველოში მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში 2015 წლის შედეგები წინა წლების მაჩვენებლებთან შედარებით გაუმჯობესებულია, თუმცა საქართველოს შედეგი საერთაშორისო ნიშნულს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.
„Timss"-ის საერთაშორისო კვლევა მოსწავლეთა მიღწევებს მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში იკვლევს. კომპანიის მონაცემებით, მეოთხეკლასელ მოსწავლეთა 22% და მერვეკლასელთა 28% მათემატიკაში მინიმალურ ცოდნასაც ვერ ფლობს. საბუნებისმეტყველო საგნებში ეს მაჩვენებელი მეოთხეკლასელთა 26%-ს და მერვეკლასელთა 30%-ს აქვს.
„Pisa"-ს კვლევა კი არამხოლოდ სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ცოდნას, არამედ მის პრაქტიკაში გამოყენებას და წიგნიერების ზოგად დონეს აფასებს. კვლევა, რომელიც 2000 წლიდან 3 წელიწადში ერთხელ ტარდება, ამოწმებს, რამდენად კარგად არიან მოსწავლეები მომზადებული აქტიური და სრულფასოვანი საზოგადოებრივი ცხოვრებისთვის. შედეგების მიხედვით, ქართველ მოსწავლეთა ნახევარი საბუნებისმეტყველო საგნებში საბაზო კომპეტენციებს ვერ ფლობს.