საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს დარეგისტრირდება, ოპოზიცია კი ამ ცვლილებების წინააღმდეგ მოძრაობას იწყებს. სამოქალაქო მოძრაობამ „დაიცავი კონსტიტუცია" ხელი მოაწერა საგანგებო დეკლარაციას.
დეკლარაციაში განმარტებულია, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები კონსტიტუციის ახალი მოდელით შეშფოთებული არიან. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ კონსტიტუციის პროექტს არ ეთანხმება პრეზიდენტი, სახალხო დამცველი, ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი.
„საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებულ კონსტიტუციურ ცვლილებათა პროექტში მხოლოდ მმართველი პოლიტიკური პარტიის ინტერესებია ასახული.ჩვენთვის მიუღებელია საკონსტიტუციო ცვლილებათა ის პაკეტი, რომელსაც მხარს უჭერს მხოლოდ ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია" , - ნათქვამია დეკლარაციის ტექსტში.
დეკლარაცია საზოგადოებას პოლიტიკური მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის" თავმჯდომარემ, ნიკა მაჭუტაძემ გააცნო.