დავით უსუფაშვილი დაინტერესებულ პირებს ცენტრისტული პარტიის შექმნას სთავაზობს. უსუფაშვილის თქმით, პარტია თავს მოუყრის რაციონალურ და ეფექტიან მიდგომებს. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და „რესპუბლიკელების" ყოფილმა ლიდერმა, საზოგადოებას სამოქალაქო-პოლიტიკური ინიციატივები დღეს გამართულ ბრიფინგზე გააცნო.
„პარტიული საქმიანობა დაეფუძნება პოლიტიკოსის პროფესიული ეთიკის მაღალ სტანდარტებს - ჯერ ქვეყანა, მერე პარტია. ერთ-ერთობა და არა ერთადერთობა, კონკურენცია და არა მტრობა, შემკრებობა და არა გამთიშველობა" , - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, პარტიის ფორმირება თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დასრულდება. საარჩევნო გუნდის წარდგენა კი მაისის ბოლოს არის დაგეგმილი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დავით უსუფაშვილის ახალ პოლიტიკურ აქტივობას ეხმაურება და მას წარმატებებს უსურვებს.
„მაინცდამაინც დიდი მოლოდინი არ მაქვს, ვიცით რა შედეგებიც ჰქონდა ამ პოლიტიკურ ძალას წინა არჩევნებზე. მნიშვნელოვანია, რომ ძლიერი პოლიტიკური პარტიები ჩამოყალიბდეს. მე დიდ პატივს ვცემ ჩემს წინამორბედს და პირადად მას დიდ წარმატებებს ვუსურვებ" , - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.