ჯანდაცვის კომიტეტზე „ევროპული საქართველოს" ინიციატივის შესახებ, დევნილებსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის დაპირისპირება მოხდა.ოპოზიციური პარტიის ინიციატივით, დევნილებისთვის შემწეობა 60 ლარამდე უნდა გაიზარდოს.ჯერჯერობით დევნილთა შემწეობა 45 ლარია. „ევროპული საქართველოს" დასაბუთებით, 2018 წლის ბიუჯეტში დევნილებისთვის 75 მილიონი ლარი უნდა გამოიყოს.
დევნილთა სტატუსსა და დახმარების გაზრდაზე ცვლილებათა პაკეტი კომიტეტზე „ევროპული საქართველოს" წევრებმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა და ელენე ხოშტარიამ წარადგინეს. ამ ცვლილებების მიხედვით, დევნილის დასაბეგრი შემოსავლის ოდენობის ზღვარი 1250 ლარის ნაცვლად, 1500 ლარი იქნება, ხოლო დევნილის შემწეობა 45 ლარის ნაცვლად, 60 ლარით განისაზღვრება.
ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია მთავრობამ წერილობითი ფორმით წარადგინა, სადაც აღნიშნულია, რომ ოპოზიციის კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსებისთვის საჭირო თანხა წლიურად 75.3 მილიონ ლარს შეადგენს. ეს კი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენას მოახდენს და მთავრობა ამ წინადადების გაზიარებას ვერ დაეთანხმება.