ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მე-15 კონსოლიდირებული ანგარიში "კონფლიქტი საქართველოში" ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე წარადგინეს. ანგარიში 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის მარტის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური მდივანი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ მდგომარეობაზე, უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით.
ტორბიორნ იაგლანდის ანგარიში ასევე ეხება ეთნიკური ქართველებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის შემდეგ, აფხაზეთის რეგიონში შექმნილ მძიმე ვითარებას.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტს სიტყვით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა მიმართა. მისი თქმით, რუსეთი კვლავ უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და აგრძელებს დესტრუქციულ პოლიტიკას.
„განსაკუთრებული ხაზგასმა იყო საერთაშორისო სამართლის იმ უხეშ დარღვევაზე, რომელსაც რუსეთის ფედერაცია მიმართავს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. ე.წ. ვიზიტზე, რომელიც განხორციელდა სოხუმში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეში დარღვევის" , - განაცხადა დავით ზალკალიანმა.