სირიის ხელისუფლება ავრცელებს ინფორმაციას, რომ დეირ-ეზ-ზორის პროვინციაში, კოალიციურმა ძალებმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს საწყობზე, სადაც ქიმიური იარაღი ინახებოდა, ავიაიერიში მიიტანეს. გარდაცვლილია ასობით ტერორისტი და მშვიდობიანი მოქალაქე.
სირიის გენშტაბის ცნობით, იერიშის ტერიტორიაზე წარმოიქმნა კვამლის თეთრი ღრუბელი, რომელიც მოგვიანებით გაყვითლდა, რაც ტერორისტების საწყობში დიდი ოდენობით ქიმიური იარაღის არსებობაზე მიუთითებს. გენშტაბი დასძენს, რომ სირია ქიმიურ იარაღს არ ფლობს.
სირიის პროვინცია იდლიბში ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ, შტატებმა ასადის რეჟიმის მიერ კონტროლირებად ავიაბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რასაც მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა, შტატების „პროპორციული საპასუხო გადაწყვეტილება"უწოდეს. 4 აპრილს იდლიბის პროვინციაში ქიმიური თავდასხმისას ბოლო ინფორმაციით, 90-მდე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 33 ბავშვი და 18 ქალია.