31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით, საქართველო რაგბში მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებს. ასპარეზობაში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება, მსოფლიოს 12 უძლიერესი ახალგაზრდული, მათ შორის საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მონაწილეობს. 20-წლამდელთა ჩემპიონატი სარაგბო სამყაროში მნიშვნელობითა და სიდიდით მეორეა, რაგბის მსოფლიო თასის შემდეგ.
მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები A ჯგუფში სამხრეთ აფრიკა, არგენტინა და საფრანგეთი იქნებიან. "უმცროსი ბორჯღალოსნები" პირველ შეხვედრას 31 მაისს ავჭალის სტადიონზე არგენტინასთან გამართავენ.
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ტურნირში მონაწილეობა პირველად შარშან, მანჩესტერში მიიღეს (მას შემდეგ რაც 2015 წელს მოიგეს საკვალიფიკაციო ტურნირი, მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ალაფა). პირველივე ცდაზე ჩვენმა 20-წლამდელებმა პლეიოფში იტალიას სძლიეს, მე-10 ადგილი დაიკავეს და ამით წლევანდელ ტურნირში არა მარტო, მასპინძლის სტატუსით არამედ სპორტული შედეგითაც დაიმსახურეს მონაწილეობის უფლება.
წლევანდელ ჩემპიონატში მონაწილეობენ: ინგლისი, ირლანდია, არგენტინა, სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, ავსტრალია, უელსი, შოტლანდია, საფრანგეთი, საქართველო, იტალია, სამოა (ჩაანაცვლა შარშან ბოლო ადგილზე გასული იაპონია).
ასპარეზობა 5 სამატჩო დღედ ჩატარდება. ტურნირის ჯგუფური ეტაპი (31 მაისი, 4 ივნისი, 8 ივნისი) ორ ქალაქში გაიმართება - თბილისში (ავჭალის სტადიონი) და ქუთაისში (აია არენა); პლეიოფები და ფინალები (14 ივნისი და 18 ივნისი) თბილისში, ავჭალის და მიხეილ მესხის სტადიონებზე გაიმართება.
„ამ ჩემპიონატის ორგანიზებაში ყველა ჩართულია, სახელმწიფო უწყებები თუ კერძო სექტორი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ტურნირს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქართველები კარგი მასპინძლები ვართ, უნდა ვიმედოვნოთ, რომ შესანიშნავად გავართმევთ თავს და ძალიან კარგ სანახაობას შევთავაზებთ რაგბის გულშემატკივარს", - განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ.