ბრიტანული ორგანიზაცია „Amnesty International"-ის ცნობით, 2016 წელს მსოფლიოში სიკვდილით დასჯის მაჩვენებელი შემცირდა. ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს მსოფლიოს 25 ქვეყანაში სიკვდილით დასჯა 3117 ადამიანს შეეფარდა, განაჩენი კი 1032 ადამიანზე აღსრულდა.
ორგანიზაციის ცნობით, ეს მაჩვენებელი 2015 წელთან შედარებით რამდენიმე ასეულით ნაკლებია. 2015 წელს ადამიანის სიკვდილით დასჯის 1634 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 1989 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მეტი ადამიანი სიკვდილით ჩინეთში, ირანში, საუდის არაბეთში, ერაყსა და პაკისტანში დასაჯეს. მათ შორის პირველ ადგილზე ჩინეთია.
ჩინეთის გარდა, სიკვდილით დასჯის მაღალი მაჩვენებელია ირანში - 567 ადამიანი, საუდის არაბეთში - 154 ადამიანი, ერაყში - 88 ადამიანი და პაკისტანში - 87 ადამიანი.
„Amnesty International"-ის განცხადებით, 2006 წლის წლის შემდეგ პირველად აშშ სიის ხუთეულში არ არის. შეერთებულ შტატებში სიკვდილი გასულ წელს 20 ადამიანს მიუსაჯეს. წლევანდელი მაჩვენებლით კი ქვეყანამ მე-7 ადგილზე გადაინაცვლა.
ანგარიშის თანახმად, სიკვდილით დასჯის კანონის გაუქმებაზე მსოფლიოს ქვეყნების 2/3 მსჯელობს.