ფრაგმენტები ქართლის სამეფო კარის დიპლომატიური ურთიერთობებიდან
მამუკა ნაცვალაძე
10.04.2017

 მეთექვსმეტე საუკუნე გამორჩეულია საქართველოს ისტორიაში ხანგრძლივი და უსასტიკესი ბრძოლებით. ამ დროს განსაკუთრებით იძაბება სიტუაცია ორ მაჰმადიანურ სახელმწიფოს შორის, ისინი კავკასიას ეცილებიან ერთმანეთს, კავკასია კი ის ადგილია, რომლის დაუფლებაც, ფაქტობრივად, მსოფლიო სავაჭრო გზებზე კონტროლის წინაპირობაა, რაც თავის მხრივ მსოფლიო ბატონობას ნიშნავს.

ასეთ ურთულეს გეოპოლიტიკურ მდებარეობას, რომელიც საქართველოში დინამიკური პოლიტიკური პროცესების უმთავრესი წყარო იყო, ემატება გამძაფრებული საერთაშორისო მდგომარეობა, რის გამო ქვეყნის მართვა მხოლოდ უაღრესად დაბალანსებული და გაწონასწორებული პოლიტიკით თუ შეიძლებოდა ყოფილიყო წარმატებული.

მხოლოდ ფილიგრანული დიპლომატიისა და ხმალამოღებული ბრძოლის ერთობლიობას მოჰქონდა ქართველთათვის სასურველი შედეგი, ქვეყნის მმართველი სწორედ იმით ფასდებოდა, რამდენად სწორი ინტუიცია ჰქონდა, რამდენად გრძნობდა ხელისუფალი, როდის იყო ჟამი ქვის შეგროვებისა და ჟამი ქვის სროლისა.

როგორ გაიცნობიერა ლუარსაბ პირველმა ჟამი ქვის სროლისა და ჟამი ქვის შეგროვებისა

საქართველოს ისტორიის ანალებმა არაერთი ღირსეული მამულიშვილის სახელი შემოგვინახა, რომელთა ღვაწლითაც დღევანდლამდე მოვიდა ჩვენი ქვეყანა. ლუარსაბ პირველი, მეთექვსმეტე საუკუნის გამორჩეული ფიგურა, სწორედ ასეთი წარმატებული მონარქი გახლდათ. ეს ის მეფეა, რომლის ხმალჩაუგებელმა ცხოვრებამ და პრინციპულობამ აღკვეთა მაჰმადიანური ქვეყნების მცდელობა ქართველი ერის გადაშენებისა.

ლუარსაბ პირველმა, რომელიც ურთულეს პოლიტიკურ ვითარებაში მართავდა სამეფოს, კარგად უწყოდა, რომ მისი მეფობის ჟამი იყო ჟამი ქვის სროლისა, ჟამი ბრძოლისა, სადაც გაჩერება არ შეიძლებოდა, სადაც ერის ყოფნა-არყოფნის ბედი წყდებოდა. სიმბოლური იყო ისიც, რომ ლუარსაბმა ცხენზე ამხედრებულმა, ხმლით ხელში დაასრულა თავისი სახელოვანი მეფობა.

ჟამთააღმწერლობამ ის პირველწყაროც შემოგვინახა, რომელიც აშკარად მიანიშნებს, რაოდენ ჰქონდა გაცნობიერებული ლუარსაბს ქვათა შეგროვების ჟამის მნიშვნელობა. მისი დიპლომატიური მიმოწერიდან, სამწუხაროდ, მხოლოდ რომის პაპ პავლე მესამის 1545 წლის 17 ივნისით დათარიღებული წერილია შემორჩენილი. თავად ლუარსაბის წერილი, სამწუხაროდ, დაკარგულია.

როგორ შეინარჩუნა ლუარსაბ პირველმა საქართველოს ერთიანობის განცდა

ლუარსაბ პირველმა ამ მძიმე ვითარებაში შეძლო, შეენარჩუნებინა ერთიანი ეროვნული განწყობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა სამეფო სამთავროებად იყო დაქუცმაცებული, ის ცნობიერებით არ გახლდათ მხოლოდ ქართლის მეფე, მისი მენტალიტეტი ჯიუტად ინახავდა ერთიან ქართულ კულტურულ და პოლიტიკურ სამყაროს, მისმა სიჯიუტემ, შეუდრეკელმა ბრძოლისუნარიანობამ შეუნარჩუნა კიდეც ქართველს ქართველობა.

როგორ ცდილობდა ლუარსაბი ოსმანთა იმპერიის გამოყენებას ირანელთა წინააღმდეგ

ლუარსაბის მოღვაწეობის მეორე ნახევარი უკავშირდება შაჰ თამაზის წინააღმდეგ ბრძოლას. თამაზი მრისხანე შაჰ აბასის ბაბუაა, რომლის დროსაც ყიზილბაშები იწყებენ ინტენსიურ დაპყრობით ომებს კავკასიის მიმართულებით. ეს ომები უსასტიკესი ხასიათით გამოირჩევა.

საცნაური კი ისაა, რომ ეს ყველაფერი იმ ფონზე ხდება, როცა ოსმალეთის იმპერიის გაძლიერებამ და მათთან ირანელთა სასტიკმა მარცხმა პერმანენტული ხასიათი მიიღო. შაჰ თამაზი კბილებს საქართველოზე ილესავს - ოსმალთაგან დამარცხების სიმწარე საქართველოში ლაშქრობით უნდა განიქარვოს.

ბუნებრივია, ამოიცნო ლუარსაბმა სეფიანთა მმართველის ხვაშიადი, გრძნობს ლუარსაბი, როგორ განვითარდება მოვლენები, ეს ლოგიკურია - ქართლის მეფე კარგად ფლობს იმ პერიოდის საერთაშორისო ვითარებას, ამიტომაც ცდილობს ქვეყნის სასარგებლოდ გამოიყენოს ირან-ოსმალეთის დაპირისპირება.

ლუარსაბი იწყებს ფიქრს, როგორ დაუპირისპირდეს ირანელებს, ის ცდილობს, ოსმალების დახმარებით აღასრულოს საქმე. მას ამის საფუძველიც აქვს, ეს არ არის მხოლოდ ცალმხრივი გათვლა - სულ რამდენიმე წლის წინ, 1526 წელს ხომ ოსმალეთმა სწორედ ქართველთა საშუალებით მოახერხა ირანელების განდევნა იერუსალიმიდან.

მაშინ ქართველები აჰყვნენ სულეიმანის პოლიტიკურ თამაშს, რაც ჩვენს ეროვნულ მოტივებთან და განწყობასთანაც იყო გადაჯაჭვული - ქრისტეს საფლავის დახსნას ხომ ნებისმიერი ქრისტიანი თავის მოვალეობად თვლიდა საუკუნეების მანძილზე. ამ ფაქტორმა ოსმალთა წისქვილზე დაასხა წყალი და კიდევ ერთხელ მიანიშნა ქართულ პოლიტიკურ ელიტას, რომ ერთიანობას ალტერნატივა არ გააჩნდა.

ამბავი კონსტანტინოპოლში ლუარსაბ პირველის ელჩობისა

ახლა საპასუხო სვლის მოლოდინშია ლუარსაბი, ამიტომაც ამზადებს ელჩობას. უნგრეთის მეფის კონსტანტინოპოლში მყოფი ელჩი თავის წერილში გვამცნობს ამ ამბავს. წერილი 1540 წლის 5 დეკემბრითაა დათარიღებული, სწორედ ამ წერილში წერია: "ჩამოვიდა ქართველი მეფე იმისათვის, რომ დახმარება სთხოვოს ოსმალებს სეფიანთა წინააღმდეგ საბრძოლველად."

ლუარსაბის ეს შეთავაზება, ბუნებრივია, ოსმალოსაც უნდა აწყობდეს - მისი ორი პოტენციური მეტოქე ქართლი და ირანი ერთმანეთს შეერკინება და ამ დაპირისპირებით მხოლოდ ოტომანები დარჩებიან მოგებულნი, თუმცა ამ ლოგიკას არ მისდევს სულეიმანი - ის უარს ეუბნება ლუარსაბს, მიზეზს კი ისევ უნგრეთის მეფის ელჩი განმარტავს - კონსტანტინოპოლში ქართველი მეფის არავის სჯერაო.

ოსმალოს უარი მარტო ლუარსაბისადმი უნდობლობით არ უნდა ყოფილიყო განპირობებული. ეს სუბიექტური ნიუანსია და სულეიმანს, როგორც ნიჭიერ კაცს, არ უნდა გასჭირვებოდა იმის გარკვევა, რომ ლუარსაბი სწორედ იმ თამაშს სთავაზობს ახლა, რაც მან თავად შესთავაზა ქართველებს, იერუსალიმის აღება რომ შეაგულიანა, ირანელებს რომ დაუპირისპირა ისინი და ამით მხოლოდ თავად რომ დარჩა მოგებული.

რატომ არ იყო ხელსაყრელი სულეიმანისთვის შაჰ თამაზის წინააღმდეგ ქართველთა მოკავშირეობა

იმას, რაზეც თავის დროზე ქართველებმა დახუჭეს თვალი და ოსმალების ნებას დაჰყვნენ, სულეიმანმა პირდაპირ და პირქუშად უპასუხა უარით. ესეც ლოგიკური იყო - ოსმალეთს ხომ იმ დროს, ფაქტობრივად, მთელ ევროპაზე ეჭირა თვალი, ავსტრიაში, ვენასთან დგას მისი გარნიზონები და მოვლენები ისე ვითარდება, თუ არაფერი შეიცვალა, სულ მალე ახალი მსოფლიო ჰეგემონი უნდა გამოცხვეს ოტომანთა იმპერიის სახით.

ამის საპირწონედ სეფიანები მეტად დათრგუნულნი არიან. ოსმალებთან არაერთი მარცხია ამის მიზეზი, ამ ამბიდან სულ რაღაც ექვსიოდე წლის წინ ხომ, 1534 წელს, სულეიმანმა თავრიზი აიღო.

სულეიმანი, ბუნებრივია, მოვლენების განვითარებას თავის პრიზმაში ხედავს, ამ დროს კი აშკარაა, მას არ აწყობს დათრგუნული სეფიანები კიდევ უფრო დათრგუნოს და ქართველებს დაუჭიროს აშკარად მხარი, ამიტომაც მისთვის სასურველი სცენარია ქართველთა და სეფიანთა დაპირისპირება, ამასაც თავისი ლოგიკა აქვს - ოსმალეთს ხომ სამხრეთიდან სურს საქართველოზე შეტევა და სამცხის სამთავროს პლაცდარმად იყენებს.

და ამ რეალობისას სრულიადაც არ აწყობს ოსმალოს მოძლიერებული ქართლი, რომელიც იოლად გამკლავებია დაუძლურებულ სეფიანებს, ამიტომაც განზე დგება და სეირის ყურების პოლიტიკას ირჩევს. ეს სეირი კი საკმაოდ მტკივნეული და ულმობელი იყო საქართველოსთვის.

როგორ აღმოჩნდა საქართველო შაჰ თამაზის სამიზნე

ბუნებრივია, სეფიანთა ირანს თავისი მსტოვრები ჰყავს კონსტანტინოპოლში, არც მისთვის უნდა ყოფილიყო უცნობი ლუარსაბის ელჩობის შესახებ, ისიც კარგად უნდა გაეგო, უარით რომ გამოისტუმრეს ქართლის მეფე ოსმალეთის საიმპერატორო კარიდან, ჰოდა, ამ მისთვის სასურველ გზავნილს პედანტურად ასახავს ფრაზა - "დასტურია, აიღე თბილისი".

შაჰ თამაზს თავისი გათვლები აქვს, ირანის სიდიადე და ძლევამოსილება უნდა აღადგინოს, ამიტომაც იწყებს აქტიურ დაპყრობით პოლიტიკას კავკასიის მიმართულებით. ეს თავდაცვის ერთადერთი ხერხია - ბუნებრივია, თამაზს კარგად ახსოვს, როგორ დაიკავეს ოსმალებმა თავრიზი, ამ დროს ის ჯერ კიდევ ვერ ფლობს ბოლომდე სიტუაციას ქვეყანაში, ჯერ კიდევ უმწიფრად მიიჩნევენ მას, არადა, უკვე სრულწლოვანია, თამაზს ახსოვს ის დამცირება, ის ფსიქოლოგიური ტრავმა, ოსმალებმა რომ დაუტოვეს როგორც უსუსური ირანის შაჰს, ამიტომაც საპასუხო სვლაა საჭირო - უნდა დარწმუნდეს თავის ძლევამოსილებაში.

ოსმალეთი შორია, ახლოს საქართველოა და სწორედ აქ უნდა გამოსცადოს თავისი შესაძლებლობები, სწორედ აქ უნდა დაარწმუნოს საკუთარი თავი, რომ ძლიერი მმართველია, რომ როგორც სეფიანს, აქემენიდთა პერიოდის მსოფლიო ბატონობის აღდგენა შეუძლია.

როცა მიზანი ზნეობაზე დიდია

ეს ყველაფერი ლუარსაბსაც აქვს გაცნობიერებული, ამიტომაც კონსტანტინოპოლის უარის შემდეგ სათანადოდ ემზადება, საფორტიფიკაციო ნაგებობების გამაგრება ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

თბილისი ირანელთა შემოტევას ელის, ეს 1541 წელია, საფრთხე, წესით, იოლად უნდა აიცილონ, ქალაქის ბუნებრივი გეოგრაფიული მდებარეობა ისეა შერჩეული, თუ არა ღალატი, თბილისს ვერავინ აიღებს.

ეს კარგად უწყის შაჰ თამაზმაც და შორიდან იწყებს მანევრს, ვითომ გული უნდა გადააყოლოს დარდს და შირვანში 12 ათას გამოცდილ მეომართან ერთად სანადიროდ მიემართება. აშკარაა, 12 ათასი მხედარი, თანაც ამდენი დარჩეული მებრძოლი, ნამეტანი ბევრია ნადირობისთვის, აშკარაა, რომ ეს მხოლოდ მოთელვაა, მხოლოდ სამზადისია დიდი ბრძოლის წინ.

ბრძოლას კი შაჰ თამაზი მაშინ იწყებს, როცა თავმოყვარე კაცი ახლოსაც კი არ გაეკარება მტერს. ეს ის დროა, როცა ლუარსაბ პირველის ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა - პატარა უფლისწული გარდაიცვალა და მთელი სამეფო კარი ამ ტრაგედიით ცხოვრობს და გლოვობს.

როგორ მოეპარა შაჰ თამაზი თბილისს

შაჰ თამაზის მზაკვრობას საზღვარი არა აქვს. ის არა მარტო მტერია, არამედ ღირსებასთან მწყრალად მყოფი მტერი, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი, რომელიც მიზნის მიღწევისთვის ყველანაირ საშუალებასა და ხერხს იყენებს.

სხვაგვარად ვერ აიხსნება ის, რომ თბილისზე ლაშქრობის გადაწყეტილებას სპონტანურად იღებს - უცებ ტოვებს შირვანს და საქართველოსკენ მოდის. რა თქმა უნდა, მან იცის ლუარსაბ პირველის ტრაგედიის შესახებ და მიუხედავად ამისა, თამაზი ყველა ადამიანურ ნორმას არღვევს და ლუარსაბის განსაცდელს თავის სასარგებლოდ იყენებს.

პატარა უფლისწული ბაგრატიონთა საძვალეს, მცხეთას უნდა მიაბარონ სვეტიცხოველში, მეფე საკუთარი შვილის დაკრძალვაზეა და თბილისში ვერ იქნება, ასეთ დროს მტერსაც კი შეუნდობს კაცი, თუმცა ეს ლოგიკა მიუღებელია შაჰ თამაზისთვის

სეფიანები უჩუმრად ეპარებიან თბილისს, თამაზი ჯერ კიდევ არაა დარწმუნებული თავის შესაძლებლობებში და ამიტომაც ფრთხილობს, დილის ბინდი აურჩევია ქალაქთან მისაახლოვებლად.

და რამდენიმე წუთში მოხდება ის, რასაც არავინ ელის - გულბაათი, ქალაქის თავი, შეშინებული თუ სეფიანთა ოქროს დახარბებული, გამოენთება გარეთ და ქალაქის ყველა კარის გასაღებს ირანელებს გადასცემს.

ასე იწყება ის ულმობელი ხანა საქართველოს ისტორიისა, შაჰ თამაზის ოთხგზის ლაშქრობის სახელით რომ შემოინახა ჟამთასვლამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×