ეგვიპტის ჩრდილოეთით, ქალაქ ტანტაში, კოპტურ ეკლესიაში მომხდარი აფეთქების გამო, რომის პაპი ფრანცისკე, მწუხარებას გამოთქვამს და ეგვიპტის კოპტური ეკლესიის მეთაურს, ეპისკოპოს ტავადროსს სოლიდარობას უცხადებს. ამის შესახებ „Associated press"-ი იუწყება.
პაპი ფრანცისკე გმობს სასიკვდილო თავდასხმას,რომელიც ბზობის დღესასწაულზე, ეგვიპტეში მის ვიზიტამდე ერთი კვირით ადრე მოხდა. პაპმა აღნიშნა, რომ გარდაცვლილებისთვის და დაჭრილებისთვის ილოცებს.
ეგვიპტეში მომხდარ აფეთქებას, საფრანგეთის პრეზიდენტიც ეხმიანება. როგორც ფრანსულა ოლანდმა აღნიშნა, „ეგვიპტე კიდევ ერთხელ გახდა ტერორისტების სამიზნე, რომლებსაც მისი ერთიანობის და მრავალფეროვნების განადგურება სურთ. საფრანგეთი მზადაა ყველანაირი დახმარება გაუწიოს ეგვიპტის ხელისუფლებას, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში".
ეგვიპტის ოფიციალური პირების განცხადებით, აფეთქების შედეგად 25 ადამიანი გარდაიცვალა და 70-ზე მეტი დაშავდა. „alarabiya"-ის ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ეკლესიის პირველ სართულზე იყო განთავსებული.ინციდენტზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.
კოპტები მკვიდრი ეგვიპტელი ქრისტიანები არიან და ქვეყნის უმსხვილეს ეთნორელიგიურ და ქრისტიანულ ჯგუფს წარმოადგენენ. ისინი ეგვიპტის მოსახლეობის დაახლოებით 10 %-ს შეადგენენ.როგორც რელიგიური უმცირესობა, კოპტები თანამედროვე ეგვიპტეში ხშირად განიცდიან დისკრიმინაციას და ექსტრემისტი ისლამისტების შეტევის სამიზნე ხდებიან.