არ შეიძლება არ დაეთანხმო ერთ-ერთი რუსი პოეტის ნათქვამს, რომ რუსული პოეზიის მთელი არსებობა საქართველოსთან არის დაკავშირებული, ეს ქვეყანა უყვარდებოდათ და აქ ეძებდნენ ნუგეშს. საქართველოსთან იყო დაკავშირებული მე-20 საუკუნის რუსი პოეტების მთელი პლეადის შემოქმედება - ანდრეი ბელი, სერგეი ესენინი, ვლადიმერ მაიკოვსკი, ილია ერენბურგი, ოსიპ მანდელშტამი, რომლებიც წერდნენ საქართველოზე.
თუმცა, სულ სხვაა პასტერნაკის საქართველო, რომელიც ამბობდა, რომ საქართველო მისთვის მეორე სამშობლოა და რომ საქართველოსთან და ქართველ პოეტებთან ურთიერთობით მეორეჯერ დაიბადა. ასეც ერქვა მის პოეტურ კრებულს - "მეორედ დაბადება", რომელიც საქართველოში პირველად ყოფნის შემდეგ გამოსცა.
პასტერნაკი ოთხჯერ ესტუმრა საქართველოს, პირველად 1931 წლის ზაფხულში და მაშინვე დაუმეგობრდა "ცისფერყანწელებს" პაოლო იაშვილს, ვალერიან გაფრინდაშვილს, კოლაუ ნადირაძეს, სიმონ ჩიქოვანს, გოგლა ლეონიძეს და სხვებს.
ცალკე ისტორიაა პასტერნაკის და ტიციან ტაბიძის მეგობრობა.
ტაბიძეების სახლი თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანში, ვერაზე მდებარეობდა, ულამაზეს გრიბოედოვის ქუჩაზე, რომელიც პასტერნაკისთვის მეორე ოჯახად იქცა. ამას თავად ადასტურებდა იმ წერილში, რომელიც ტიციანის დაპატიმრების შემდეგ პოეტის მეუღლეს ნინა მაყაშვილს გამოუგზავნა, იმ დროს სასიკვდილო განაჩენის ხელმოწერის ტოლფასი რომ იყო: "გული ამომგლიჯეს, ახლა მყავს ორი ოჯახი".
ტიციანის გარადაცვალების შემდეგ პასტერნაკი ისევ თბილისში ჩამოდის. ჰონორარი, რომელიც ვაჟას და ბარათაშვილის თარგმანების გამო მიიღო, ტიციანის ოჯახს მოახმარა.
ნინა მაყაშვილი პასტერნაკს ტიციანის თაბახის ფურცლებს ჩუქნის. სწორედ ამ ფურცლებზე დაწერა პასტერნაკმა თავისი შესანიშნავი რომანი "ექიმი ჟივაგო", რომელიც შემდეგ მისი ბედისწერა გახდა.
"როცა ვწერ, სულ ტიციანი მყავს თვალწინ", - უთქვამს პოეტს.
საქართველოდან გამგზავრების წინ თბილისის ვაგზლის ბაქნიდან ტიციანის მეუღლეს დაუძახა: "ნინა, სახლში რომ დაბრუნდები, მეძებე, რადგან მე იქ დავრჩი..."
სიკვდილის წინ კი პასტერნაკის ბალიშის ქვეშ ორი წერილი იპოვეს - ტიციან ტაბიძის და რილკეს. ბოლო მისი წიგნი კი იყო "ლექსები საქართველოზე, ქართველი პოეტები".
პასტერნაკის "ნებაყოფლობითი უარი" ნობელის პრემიაზე
1946 წლიდან იწყება პასტერნაკის დევნა. ამ დროს მწერალი მუშაობდა რომანზე "ექიმი ჟივაგო", რომლის წერა 1945 წელს დაიწყო და 1955 წელს დაასრულა. რომანი საბჭოთა კავშირში არ გამოაქვეყნეს და ის 1957 წელს იტალიაში, იტალიურ ენაზე გამოქვეყნდა, რამაც საბჭოთა პრესის მწვავე კრიტიკა გამოიწვია.
კომუნისტურმა რეჟიმმა 1958 წელს პასტერნაკი აიძულა უარი ეთქვა რომანისთვის მინიჭებულ ნობელის პრემიაზე, რაც დაადასტურა მაშინდელ გაზეთ "პრავდის" ფურცლებზე. ეს იყო პირველი შემთხვევა პრემიის არსებობის ისტორიაში, რომ ნობელიანტი უარს ამბობდა ნობელის პრემიის მიღებაზე.
ესეც არ აკმარეს, მაშინვე საბჭოთა კავშირის მასშტაბით ყველა რესპულიკაში ჩატარდა მწერალთა კავშირის სხდომები, პასტერნაკის მწერალთა კავშირის რიგებიდან გარიცხვის თაობაზე.
მათ არც საქართველო ჩამორჩენია. თბილისშიც გაიმართა ასეთ სხდომა, სადაც ქართველი მწერლების გარკვეულმა ნაწილმა ერთხმად დაუჭირეს მხარი პასტერნაკის მწერალთა კავშირის რიგებიდან გარიცხვის იდეას.
მასზე დევნა უფრო მძაფრდებოდა, ახლა საბჭოთა მწერლები მის სამშობლოდან გაძევებას ითხოვდნენ. შემდეგ სტუდენტები მიუგზავნეს და "მოღალეტე" აძახებინეს. ამ საბედისწერო ამბის შემდეგ მწერალი მალევე გარდაიცვალა.
რომანი "ექიმი ჟივაგო" საბჭოთა კავშირში მხოლოდ 1988 წელს გამოიცა. ისტორიული სამართლიანობა კი 31 წლის შემდეგ აღსდგა. 1989 წელს ნობელის კომიტეტის გადაწყვეტილებით აღდგინა ისტორიული სიმართლე - იძულებითად და ძალდაკარგულად ეღიარებინა პასტერნაკის უარი ნობელის პრემიაზე, დიპლომი და მედალი გადაეცა გარდაცვლილი ლაურეატის ოჯახისთვის, რომელიც შვედეთის ნობელის აკადემიამ პასტერნაკს 1958 წელს "თანამედროვე ლირიკული პოეზიისა და დიდი რუსული პროზის დარგში თვალსაჩინო დამსახურებისთვის" მიანიჭა.
1989 წელს სტოკჰოლმში პასტერნაკის კუთვნილი ნობელის პრემია გადასცეს მის ვაჟს.
პასტერნაკის შვილის მოგონებები
"ნობელის კომიტეტის მდივნის ანდერს ესტერლინგის დეპეშა რომ მიიღო, პასტერნაკმა 1958 წლის 23 ოქტომბერს, ასე უპასუხა: "მადლობელი ვარ, მიხარია, მეამაყება, დარცხვენილი ვარ". თითქოს ყველაფერი უბედურება, შევიწროვება, რომანის გამოცემასთან დაკავშირებით, ცეკას და მწერალთა კავშირში გამართული სხდომები, უკან დარჩა. ნობელის პრემია იყო სრული და აბსოლუტური გამარჯვება და აღიარება, პატივი, რომელიც მთელ რუსულ ლიტერატურას მიაგეს.
"მეორე დღეს დილით მოულოდნელად მოვიდა კონსტანტინ ფედინი, რომელიც პირდაპირ კაბინეტში ავიდა. ფედინმა მოსთხოვა დაუყოვნებლივ უარი ეთქვა პრემიაზე. მამამ უპასუხა, რომ ვერაფერი აიძულებდა უარი ეთქვა მისდამი გამოჩენილ პატივზე, რომ მან უკვე უპასუხა ნობელის კომიტეტს.
"იმ დღეებში ყოველდღე დავდიოდი პერედელკინოში. მამა განაგრძობდა მუშაობას, მაშინ სლოვაცკის "მარიამ სტიუარტს" თარგმნიდა. ამბობდა, რომ ნობელის პრემიის ლაურეატობისთვის მზად იყო ყოველგვარი დანაკლისი აეტანა. სწორედ ასეთი ტონით მისწერა წერილი მწერალთა კავშირის პრეზიდიუმს. სხდომაზეც არ წავიდა, სადაც, მარკოვის მოხსენების მიხედვთი, გარიცხული იქნა კავშირის წევრობიდან.
"ამაყი და დამოუკიდებელი პოზიცია დაეხმარა პირველი კვირეების განმავლობაში მაინც აეტანა ყველა შეურაცყოფა, მუქარა და ბეჭდვითი სიტყვის ანათემა. ილია ერენბურგიდან ვიგებდი და ვუამბობდი მამას იმის შესახებ, თუ როგორი მხარდაჭერის ტალღა აზვირთდა იმ დღეებში დასავლეთის პრესაში, მაგრამ უკვე აღარაფერი აინტერესებდა.
"როცა მოსკოვში ჩამოვიდა, ტელეგრაფისკენ გაეშურა სტოკჰოლმში დეპეშის გასაგზავნად: "იმ მნიშვნელობის გამო, რაც ჩემთვის მინიჭებულმა ჯილდომ შეიძინა საზოგადოებაში, რომელსაც მე ვეკუთვნი. ვალდებული ვარ უარი ვთქვა. შეურაცყოფად ნუ მიიღებთ ჩემს ნებაყოფლობით უარს".
"საღამოს პერედელკინოში ჩავედი. მამა ვეღარ ვიცანი, ფერდაკარგული სახე, ნატანჯი თვალები ჰქონდა: "ახლა აღარაფერს ამას მნიშვნელობა არა აქვს, პრემიაზე უარი ვთქვი".
"მართლაც, მისთვის აღარაფერს მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, არც იმას, მოსკოვის საერთო შეკრებაზე ორი დღის შემდეგ რომ გაიმართა... მოსკოველი მწერლები მთავრობას მიმართავდნენ თხოვნით, ჩამოერთმიათ პასტერნაკისთვის მოქალაქეობა და გადაესახლებინათ საზღვარგარეთ. გადასახლება დაუყოვნებლივ მოხდებოდა, რომ არა ხრუშჩოვთან ჯავაჰარლალ ნერუს საუბარი, რომელმაც თანხმობა განაცხადა პასტერნაკის დაცვის კომიტეტს ჩასდგომოდა სათავეში", - იხსენებს ევგენი პასტერნაკი.