ბოლო მონაცემებით, გუშინ პეტერბურგში მომხდარ ტერაქტს, 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 51 ადამიანი დაშავდა. ისინი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩებიან. სპეციალისტების შეფასებით, ბომბი 200-300 ტროტილის ეკვივალენტი იყო.
ტერაქტი სანკტ-პეტერბურგის მეტროსადგურ „ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში" სავარაუდოდ მარტოხელა თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია, სამართალდამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს.ტერაქტი კიდევ ერთ სადგურზე იგეგმებოდა, სამართალდამცველების ცნობით, ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მეტროსდაგურ „აჯანყების მოედანზე" დატოვა. თუმცა, იქ ბომბი არ ამოქმედდა.
„მეტრო „აჯანყების მოედანზე" აღმოვაჩინეთ და დროულად გავაუვნებელვყვეთ ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა. ტერორისტული საფრთხეების გამოვლენისა და მათი თავიდან აცილებისთვის, სპეციალური სამსახურები აქტიურ მუშაობას აგრძელებენ" , - განაცხადა რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტის წარმომადგენელმა, ალექსანდრ პოლიაკოვმა.
მედიაში სავარაუდო ტერორისტის ფოტოც გავრცელდა, მისი ვინაობა დაუდგენელია, თუმცა, ვარაუდობენ რომ ის კავკასიელია და დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან" ჰქონდა კავშირი.მაშველებმა ტერაქტის ეპიცენტრში ადამიანის მოგლეჯილ თავს მიაგნეს. სპეციალისტების თქმით, მოწყობილი ტერაქტისას, აფეთქება თავს გლეჯს სწორედ თვითმკვლელს, რადგან ის ეპიცენტრში იმყოფება.
რუსეთში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული. ვლადიმერ პუტინმა გვიან ღამით პეტერბურგში ტერაქტის ადგილზე ყვავილები მიიტანა.
პეტერბურგის ტერაქტი დაგმო დონალდ ტრამპმა. ის რუს კოლეგას ტელეფონით დაუკავშირდა. „საზარელია ის, რაც მსოფლიოში ხდება, აბსოლუტურად საზარელი" , - განაცხადა ტრამპმა.
რუსეთს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ და გაეროს გენერალურმა მდივანმაც მიუსამძიმრა.