საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით, ნორვეგიის სამეფოს თავდაცვის მინისტრი იმყოფება. ინე ერიქსენ სორეიდეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია მასპინძლობს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებმა, 2017 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი. საქართველოსა და ნორვეგიას შორის, თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა ხუთი წელია გრძელდება.
თანამშრომლობის ამ ფორმატში პრიორიტეტული მიმართულებებია: ეროვნული გვარდიის მხარდაჭერა, სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობა და ერთობლივი სამხედრო წვრთნების ორგანიზება.
ლევან იზორიამ ნორვეგიელ კოლეგას თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობისთვის და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ნორვეგია ფინანსურად და ექსპერტების დონეზე, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრის ჩამოყალიბებისთვის მაქსიმუმს აკეთებს.
„გამოვყოფდი ჩვენი ეროვნული გვარდიის რეფორმირების საკითხს. გეგმა, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, ამ მიმართულებით შემდგომი რეფორმების განხორციელებას ითვალისწინებს" , - განაცხადა ლევან იზორიამ.
ნორვეგიის თავდაცვის მინისტრმა, ქვეყნებს შორის წარმატებული ორმხრივი თანამშრომლობა აღნიშნა და დაადასტურა,რომ ნორვეგია მზად არის ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის განვითარებას მხარი დაუჭიროს.
„განვიხილეთ ის ამბიციური რეფორმები, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარეობს. ამჟამად ნორვეგიაში ზუსტად იგივე რეფორმებს ვახორციელებთ, სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ხედვების და გამოცდილების გაზიარება" , - განაცხადა ინე ერიქსენ სორეიდემ პრესკონფერენციაზე.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი,პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსაც შეხვდება და ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს მოინახულებს.