შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გელა ხვედელიძეს დღეს დილით თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-მა გაზეთ „ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის განცხადებაზე დაყრდნობით გაავრცელა.
შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს თავს თარხნიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლთან დაესხნენ. ის სხეულის მრავლობითი დაზიანებით, ყბა-სახის მოტეხილობით, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. დაზარალებული „ნიუ ჰოსპიტალში", რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება უტარდება.
ელისო კილაძის მტკიცებით, ყოფილ მაღალჩინოსანზე თავდასხმა, სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილის, იოსებ გოგაშვილის შურისძიებაა, რომლის შესახებაც შესაბამისი გზავნილები მათ გუშინ მიიღეს. ჟურნალისტის თქმით, გოგაშვილი იმ მასალების გამო აღშფოთდა, რომლის გამოქვეყნებასაც გაზეთის ხვალინდელ ნომერში აპირებდნენ.
„გელა ხვედელიძე იყო ჩემთან და მითხრა, რომ იოსებ გოგაშვილი არის წყობიდან გამოსული იმ მასალების გამო, რაც მე გამოვაქვეყნე და იმ მასალების გამო, რის გამოქვეყნებასაც მომავალში ვაპირებდი. საქმე ეხება სინთეტიკური ნარკოტიკის, ე.წ. ბიოს „დაკრიშვას" გოგაშვილის მიერ. გაგვაფრთხილეს პირდაპირი მნიშვნელობით, რომ ვყოფილიყავით ძალიან ფრთხილად" , - განაცხადა ელისო კილაძემ.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, გელა ხვედელიძის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
„საქმეში არ ფიგურირებს ცეცხსასროლი იარაღი, რაც შეეხება მოტივს, ამ ეტაპზე უცნობია" , - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
შემთხვევის დროს გელა ხვედელიძესთან ერთად, მისი მეუღლე იმყოფებოდა. სამართალდამცველები მარეხი ფერაძის დაკითხვას გეგმავენ. ასევე იგეგმება „ქრონიკა პლიუსის" რედაქტორის, ელისო კილაძის დაკითხვა.