პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშით წარდგენის ფორმატზე,ასევე სიტყვით გამოსვლის შემდეგ დებატების გამართვაზე, დღეს იმსჯელებენ. დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე, გიორგი მარგველაშვილის საკანონმდებლო ორგანოში მისვლის დღის წესრიგი უნდა დაამტკიცონ.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლის შემდეგ, დებატები გაიმართება. საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობაში შემავალ ფრაქციებს დებატებისთვის 10-10 წუთი ექნებათ, ხოლო სხვა ფრაქციის წარმომადგენლები, რეგლამენტით გათვალისწინებულ 15 წუთს გამოიყენებენ.
პარლამენტი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას 7 აპრილს, პლენარულ სხდომაზე მოისმენს. გიორგი მარგველაშვილის გამოსვლას პრემიერმინისტრი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სასულიერო პირები დაესწრებიან.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის დროს, დებატების საკითხი პოლიტიკურ სანახაობად იქცა.
„ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაა მთავარი და არა დებატები. დებატების თემა პოლიტიკური სანახაობისკენ არის მიმართული" , - განაცხადა ეკა ბესელიამ.
საპარლამენტო უმცირესობაში მიაჩნიათ, რომ საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის მოსვლა და დებატები, ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ კარგი საშუალებაა.
„ქვეყანაში არის უამრავი ძალიან სერიოზული გამოწვევა, დაწყებული ადამიანების უკიდურესი გაჭირვებით, სოციალურად მძიმე მდგომარეობით, ეკონომიკით, გაგრძელებული იმ სფეროებით, რაზეც პასუხისმგებელია პრემიერი, ეს არის ადამიანის უფლებები, უსაფრთხოება, ე.წ მოსმენების კანონი. ჩვენ ვნახეთ, რომ პრეზიდენტს ჰქონდა სწორი პოზიცია, ეს არის მედია თავისუფლება. პრეზიდენტის მოსვლა ეს არის საშუალება, რომ ჩვენ ამაზე გავმართოთ დებატები" , - განაცხადა „ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ.