ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი რუსეთში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და მოსკოვის ცენტრში გამართული საპროტესტო აქციების მიმართ მედიის გულგრილობას, ცუდ პროპაგანდად აფასებს.
„გადაწყვეტილება არ ისაუბრო ამაზე და იხელმძღვანელო ფრაზით- „თუ ამბავი არ იყო ტელეეკრანზე, ის არ მომხდარა", არა მხოლოდ შეცდომა, არამედ სიბრიყვეა. ამის შესახებ სოციალური ქსელით მაინც ყველა გაიგებს და კლასიკური მედიის მიმართ უნდობლობა გაიზრდება" , - ამის შესახებ ჟურნალისტმა ვლადიმერ პოზნერმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში ისაუბრა.
ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ მედიასაშუალებებს საპროტესტო აქციები თუნდაც ტენდენციურად, მაგრამ მაინც უნდა გაეშუქებინათ.
„ვეთანხმები ნავალნის თუ არა, მოხდა საინფორმაციო შეტევა და ეს აღწერდა ქვეყანაში არსებულ ვითარებას. აჩვენე და როგორც გინდა ისეთი შეფასება მიეცი, თუნდაც პროვოკაცია უწოდე, მაგრამ აჩვენე. თავს ნუ იტყუებ, თითქოს არაფერი მომხდარა. აქ ჟურნალისტიკაზეც არ არის საუბარი, ეს პროპაგანდის ცუდი მაგალითი იყო" , - განაცხადა პოზნერმა.
როგორც ჟურნალისტმა „იმედის" ეთერში აღნიშნა, ნავალნი ერთადერთი რეალური ოპოზიციონერია, თუმცა, პუტინის დამარცხებას ვერ შეძლებს.
„თუ მიეცა საშუალება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭი იყაროს, მაინც არ აქვს შანსი, პუტინს ის ვერ მოერევა. პუტინს მოსახლეობის 80-85 %-ის მხარდაჭერა აქვს, ეს რეალურია. რუსეთში, სადაც დემოკრატიის ტრადიციები არ არსებობს, აღმასრულებელ ხელისუფლებას წინ არაფერი უდგას იმისთვის, რომ საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება აკონტროლოს. ამიტომ ეს სცენარი არ იქნება რთული, მთავარია ამის ნება გაჩნდეს" , - განაცხადა ვლადიმერ პოზნერმა.