ეკატერინე ბასილაია
01.04.2017

 28 აპრილიდან გერმანიაში ნატოს სამხედრო წვრთნები იწყება, რაც მოსკოვში განსაკუთრებულ აღშფოთებას იწვევს. რუსების უკმაყოფილების მიზეზი კი ისაა, რომ ნატო დადგმული სამხედრო მოქმედებებისთვის ადგილობრივი მოსახლეობის როლში სტატისტებად ეძებს რუსულენოვან ხალხს, ამისთვის გერმანიაში გამოცხადდა კიდეც ვაკანსიები, რაც, რუსების მტკიცებით, იმას ნიშნავს, რომ ნატო უკვე ღიად არა თავდაცვისთვის, არამედ თავდასხმისთვის ემზადება, სამიზნე არის რუსეთი და სწორედ ამიტომაც ეძებენ წვრთნებისთვის "რუსებს".

ქართველი სამხედრო ექსპერტების ცნობით კი, ნატო-ს ვაკანსია გამოცხადებული აქვს არ მხოლო რუსულად, არამედ უკრაინულად და პოლონურად მოსაუბრე სტატისტებზე. თუმცა, მოსკოვში აქცენტს მხოლოდ "რუსეთბზე" აკეთებენ და ეს ნატო-ს მხრიდან რუსეთზე თავდასხმისათვის მზადების დამადასტურებელ საბუთად მიაჩნიათ.

რუსეთის სათათბიროს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრის ალექსეი პუშკოვის თქმით, ნატო-ს, კონკრეტულად კი აშშ-ის არმიის ეს განზრახვა ალიანსის მტრულ გეგმებზე, კერძოდ კი რუსეთთან საომარი ქმედებებისთვის მზადებაზე მიუთითებს.

"საწვრთნელი სწავლებებისთვის რუსულენოვანი სტატისტების ძიება მიუთითებს იმაზე, რომ ჯარისკაცებსა და ოფიცრებს ამზადებენ ისეთ ტერიტორიაზე ქმედებებისთვის, სადაც რუსული ენა მთავარ ენად ითვლება, ასეთი ადგილები კი არც ისე ბევრია, ეს არის აღმოსავლეთ უკრაინა და თავად რუსეთი.

"ამ სწავლებებით ნატო და აშშ ამტკიცებენ იმ შეშფოთების საფუძველს, რომელიც ჩვენ გვქონდა პოლონეთში რეაგირების ბაზის განთავსებასა და ბალტიის ქვეყნებში სამხედრო ტექნიკის შეყვანასთან დაკავშირებით", - განაცხადა რუსმა დეპუტატმა.

რუსეთში ატეხილი ამ ისტერიის საპასუხოდ გერმანიაში დაგეგმილ წვრთნებზე კომენტარი გააკეთა ერთობლივი მრავალეროვანი საწვრთნელი ცენტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, აშშ-ის სახმელეთო ძალების კაპიტანმა კრის ბრედლიმ, რომელმაც თქვა, რომ პენტაგონისა და ნატო-ს ქვეყნების მონაწილეობით დაგეგმილ სწავლებაში, სადაც სტატისტებმა რუსების როლში უნდა მიიღონ მონაწილეობა, არ წარმოადგენს რაიმე ქმედებისთვის მზადებას, არამედ სწავლების მიზანია, რომ ნატო-ს სამხედროები რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული სიტუაციაში სამოქმედოდ იყვნენ მზად, "რომელსაც შეიძლება მსოფლიოში შეეჯახონ".

მან ხაზი გაუსვა იმას, რომ მსოფლიო შეიცვალა, ამიტომ მათ შეცვალეს სწავლების აქცენტი და "ყველანაირი სცენარისთვის ხდება მზადება".

მის მიერ ნათქვამმა ფრაზამ, რომ წვრთნები რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული უნდა იყოს, რუსების კიდევ უფრო დიდი გაღიზიანება გამოწვია.

რატომ ქირაობს ნატო "რუსებს"

ნატო-ს სამხედრო წვრთნების პირველი ფაზა ჩატარდება გერმანიის სამხედრო ბაზაზე ჰოჰენფელდში 28 აპრილიდან 15 მაისამდე იგეგმება და მასში ნატო-ს წევრი სხვადასხვა ქვეყნების 1 300-მდე ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას. წვრთნებზე მშვიდობიანი მოსახლეობის როლისთვის გერმანულმა დასაქმების სააგენტომ, რომელიც ნატო-სთან თანამშრომლობს, მარტის ბოლოს გამოაცხადა ვაკანსია "რუსების" როლებზე. დაქირავებულმა "რუსებმა" ნატო-ს წვრთნებში უნდა მიიღონ მონაწილეობა.

ვაკანსიაში მითითებულია, რომ მთავარი მოთხოვნაა რუსული ენის ცოდნა. "რუსებმა" წვრთნებისას სამხედრო ბაზებზე აშენებულ ბუტაფორიულ სოფლებში სამოქალაქო მოსახლეობის - ფერმერებისა თუ მაღაზიის მფლობელების როლი უნდა ითამაშონ, რომ ამით ნატო-ს ჯარისკაცებისთვის შეიქმნას რეალობასთან მიახლოებული გარემო. მოხალისე "რუსების" ანაზღაურება დღეში 88-დან 120 ევრომდე იქნება.

აღსანიშნავია, რომ სტატისტებს, რომლებმაც მშვიდობიანი მოსახლეობა უნდა განასახიერონ, აუცილებელად უნდა ეცვათ სპეციალური ჟილეტი ინფრაწითელი სენსორებით, რითაც მოხდება დათვლა, თუ რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაიჭრა საბრძოლო მოქმედებებში.

რუსული გამოცემები აქტიურად წერენ, რომ ადრე ამგვარი სწავლებისთვის ნატო ითხოვდა, რომ სტატისტების მსგავსება ყოფილიყო ავღანელებთან, ახლა კი რუსებზე გადავიდნენ და ეს უკვე ღია მინიშნებაა, რომ რუსეთზე თავდასხმა იგეგმება და იქვე იწერება ისიც, რომ რუსეთი ნატო-ს ყოველთვის დაამარცხებს.

ქართველი ექსპერტი: ეს არის ნატო-ს პასუხი რუსეთის აგრესიაზე

ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ ნატო ამ სწავლებისთვის მარტო "რუს" სტატისტებს არ ეძებს, არამედ უკრაინულ და პოლონურენოვან სტატისტებსაც, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა სამხედრო მოქმედებების არეალად იქცეს პოლონეთი, უკრაინა, რუსეთი. თუმცა, მოსკოვში დიდი ხმაური "რუსების" დაქირავებაზე ატეხეს და ეს არის მათი პროპაგანდისტული ხრიკი, რომ უპირველესად საკუთარ ხალხს და შემდეგ მსოფლიოს უთხრან, რომ ნატო რუსეთის წინააღმდეგ აგრესიისთვის ემზადება.

"ის ვითარება, რომელიც ბოლო 2-3 წლის განმავლობაში არსებობს დასავლეთსა და რუსეთს შორის, ეს არის ცივი ომი. ის უფრო და უფრო დაძაბულობისკენ მიდის, დამშვიდების საშუალებას არავის აძლევს და შესაძლო დაპირისპირებისთვის ყველა ემზადება.

 "ნატო-ში თვლიან, რომ შესაძლოა რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება მოხდეს. ალბათ შემუშავებულია გარკვეული სცენარები, რა სცენარებითაც შეიძლება განვითარდეს მოვლენები და გათვლილია ისიც, რომ მარტო ნატო-ს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე შეიძლება არ მოხდეს დაპირისპირება, არამედ გადავიდეს რუსეთის ტერიტორიაზეც. ამიტომაც ეძებენ რუსულენოვან სტატისტებსაც. ასევე საუბარია რომ ეძებენ პოლონურ და უკრაინულ ენოვანსაც. გათვლილია, რომ შესაძლოა რუსეთი შეიჭრას, მაგალითად, პოლონეთში. ეს სწავლება არ მიუთითებს იმას, რომ ნატო რუსეთზე თავდასხმა გეგმავს, თუმცა, რუსეთი სწორედ ამგვარ პროპაგანდას ავითარებს", - აცხადებს სალუქვაძე.

მისივე თქმით, რუსეთმა სამხედრო წვრთნები "კავკასია 2008" დაიწყო 2 თვით ადრე, ვიდრე რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომი დაიწყებოდა. შემდეგ სწავლებები გაგრძელდა და ამგვარი სწავლებები ყოველწლიურად ტარდება. თუკი რუსეთი სწავლებას აღიქვამს ისე, რომ ის აუცილებლად უნდა განხორციელდეს რეალობაში, მაშინ გამოდის, რომ თავად გაცილებით ადრე დაიწყო ნატო-სთან დაპირისპირებისთვის მზადება და ნატო-მ ამაზე უნდა მოსთხოვოს პასუხი.

"საინფორმაციო ომი სწორედ ეს არის. როდესაც რუსეთიდან არის აჟიტირება და განგაში, რომ ნატო აპირებს თავდასხმას, ნატო-სგანაც უნდა იყოს პასუხი, ქრონოლოგიურად დასაბუთება, როდის რა ხდებიდა რუსეთის მხრიდან და რომ ეს წვრთნები არის ნატო-ს პასუხი რუსეთის მზარდ აგრესიაზე. ასეთი პასუხები ჯერჯერობით არ ისმის, ისმის მხოლოდ "აღიარებითი ჩვენებები", რომ კი, რეალობასთან მიახლოებულ წვრთნებს იწყებენ," - დასძენს სალუქვაძე.

მისივე აზრით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მზარდი აგრესიის პირობებში ნატო უნდა ემზადებოდეს დაპირისპირებისთვის და დღეს ჩანს, რომ ეს მზადება ხდება, ნატო-ს მხრიდან რუსეთზე თავდასხმა გამორიცხულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×