პაკელიანების ოჯახი სამართალდამცავებს 26 წლის შოთა პაკელიანის ცემაში ადანაშაულებს. მათი ინფორმაციით, შოთა პაკელიანი ისანი-სამგორის მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა სასტიკად სცემეს და აწამეს.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დააკავეს 23 მარტს, რომელსაც თან ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება. პოლიციელები რომ დაინახა, გადაყლაპა ნარკოტიკული საშუალება იმიტომ, რომ პირობითი მსჯავრის ქვეშ არის და შეეშინდა სასჯელის. ამას ჩვენებაშიც აფიქსირებს. ის პოლიციელებმა დააკავეს, გადაიყვანეს განყოფილებაში, სადაც მის მიმართ ღირსების შემლახავ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, იმიტომ, რომ გააშიშვლეს უცხო პირების თანდასწრებით და ისე გაჩხრიკეს. ამის შემდეგ, ჩაუდეს ნარკოტიკი, თითქოს მისი შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოიღეს, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. აწამეს, ცემით უნდოდათ აღიარებითი ჩვენების მიღება. ამის შემდეგ, ვინაიდან მას ჰქონდა მიღებული ნარკოტიკული საშუალება და შეატყო, რომ ის იწყებდა მოქმედებას, პოლიციას სთხოვა სამედიცინო ბრიგადის გამოძახება. სასწრაფომ მხოლოდ ჭროლობები გადაუხვია, ღამით კი ძალიან ცუდად რომ იგრძნო თავი, პოლიციელებს ისევ სთხოვა სამედიცინო დახმარების გაწევა, რაზეც პოლიცია ცემით პასუხობდა. ის გახდა ცუდად, 4 დღე იყო კომატოზურ მდგომარეობაში, 4 დღის შემდეგ ის გამოვიდა მდგომარეობიდან, მისცა ჩვენება თუ რა მოხდა სინამდვილეში, გაიმართა აღკვეთის ღონისძიების სხდომა და მას შეეფარდა პატიმრობა", - განუცხადა ოჯახის იურისტმა გიორგი მახარაძემ.