რეზონანსი
29.03.2017

 აშშ-ის სენატში ნატო-ს გაფართოების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოხდა. საკანონმდებლო ორგანოში ალიანსში მონტენეგროს გაწევრიანების შესახებ კენჭისყრა ჩატარდა. შეერთებული შტატების სენატმა მონტენეგროს ნატო-ში გაწევრიანების საკითხს მხარი დიდი უმრავლესობით დაუჭირა.

მონტენეგროს ნატო-ში შესვლას მხარი 97-მა სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი მხოლოდ ორი სენატორი გამოვიდა. გადაწყვეტილების მისაღებად სენატის შემადგენლობის ორი მესამედის თანხმობა იყო საჭირო. რატიფიცირება პრეზიდენტმა ტრამპმა უნდა დაადასტუროს.

დროული რატიფიცირების თხოვნით, სენატს სახელმწიფო მდივანმა მიმართა. რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ მონტენეგროს ნატო-ში გაწევრიანება აშშ-ის მტკიცე ინტერესებშია.

100 სენატორიდან, მონტენეგროს ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგ ორი უარყოფითი ხმა, „რესპუბლიკელ" სენატორებს, რენდ პოლს და მაიკ ლის ეკუთვნოდათ.

სენატორ პოლის თქმით, მონტენეგროს მოსახლეობა მხოლოდ 650 ათასია, მის არმიაში კი 2 ათასი ჯარისკაცი ირიცხება და ამ პატარა ქვეყანას რომ თავს დაესხნენ, ხარჯები აშშ-მა არ უნდა დაფაროს.

მონტენეგროს ნატო-ში გაწევრიანების საკითხს კენჭი უკვე უყარეს ალიანსის 25 წევრ ქვეყანაში. ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგია რუსეთი.

მონტენეგრო ალიანსის 29-ე წევრი გახდება. ქვეყანამ, სადაც სულ 620 000-მდე მოქალაქე ცხოვრობს, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2015 წლის ბოლოს დაიწყო.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×