აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამას ზღუდავს.ვაშინგტონი კლიმატურ პრობლემებზე ამიერიდან მხოლოდ ფორმალურად იზრუნებს. ამის შესახებ ინფორმაციას, „CNN"-ი ავრცელებს.
ტრამპის გადაწყვეტილებით, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული „სუფთა ენერგიის გეგმა" უქმდება, რომლითაც აშშ-ისგან ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გამოყოფის შემცირებას ითხოვდნენ.
ტრამპის ახალი ბრძანების შემდეგ, აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს სახელმწიფო დაფინანსება შეუმცირდება. პრეზიდენტი სხვა „მწვანე" კანონების აკრძალვასაც გეგმავს, რომელიც მისი აზრით, ეკონომიკას აზარალებს.
ახალი ბრძანების ამოქმედების შემდეგ, გაუქმდება ფედერალური მიწების სამთო კომპანიებზე გადაცემის აკრძალვაც. ეს დოკუმენტი მკვეთრად ცვლის გარემოს დაცვის მიმართ ხელისუფლების მიდგომას.
დოკუმენტზე ხელის მოწერისას, დონალდ ტრამპმა განაცხადა, „ხელს ვაწერ, რადგან აღმოიფხვრას ზედმეტი ხარჯები და დაიწყოს ახალი ერა, წარმოების და სამუშაო ადგილების შექმნის".
როგორც „CNN"-ი იუწყება, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიზანია სუფთა ჰაერი და სუფთა წყალი. ამერიკული მედიის ინფორმაციით, ხელისუფლება გარემოს დაცვასთან ერთად, ენერგეტიკული დამოუკიდებლობის შენარჩუნებასაც აპირებს.