დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატები, თბილისის საქალაქო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ, რომლის მიხედვითაც, გიორგი მამალაძე პატიმრობაში დარჩა. გასაჩივრებისთვის უფლებადამცველებს 48 საათი აქვთ. მათი თქმით, საჭიროების შემთხვევაში, სტრასბურგის სასამართლოსაც მიმართავენ.
დეკანოზის ადვოკატები გიორგი მამალაძისთვის გირაოს სახით, 20 000 ლარის შეფარდებას ითხოვდნენ, თუმცა, მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
იურისტ მიხეილ რამიშვილის თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილება და განმარტება, დეკანოზის პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით, აბსურდული იყო.
მოსამართლის განმარტებით, მამა გიორგი მამალაძის პატიმრობაში დატოვების მოტივი, მოწმეზე შესაძლო ზეწოლა, ქვეყნიდან გაქცევა ან მტკიცებულებების შესაძლო განადგურება იყო.