არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე , პრეზიდენტის არჩევის წესსა და უფლებამოსილებაზე, საპარლამენტო არჩევნების მოდელზე და თვითმმართველობის არჩევნების მიმართულებით განსახორციელებელ საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმსჯელებენ. კონფერენციას პარლამენტის თავმჯდომარე,ირაკლი კობახიძე ესწრება.
სამოქალაქო სექტორი უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ ვარიანტს, პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ, მათ შორის ვეტოს უფლების გაუქმებას, არ იზიარებს.არასამთავრობოებს ასევე შენიშვნები აქვთ საპარლამენტო არჩევნებისა და ხმების ახლებურად გადანაწილების მოდელთან დაკავშირებით.
ირაკლი კობახიძე მიიჩნევს,რომ ცვლილებების მთავარი მიზანი, ხელისუფლების შტოებს შორის ძალთა ბალანსის გადანაწილებაა.
"ჩვენ გვახსოვს 2010 წლის კონტექსტი. იყო პრეზიდენტი, რომელსაც მესამე ვადით არჩევის უფლება აღარ ჰქონდა. ცვლილებების ამოცანა კი იყო გაძლიერებულიყო პრემიერის ინსტიტუტი. სწორედ ამიტომ დღევანდელი ტექსტი ავტოკრატიის საფრთხეს ქმნის" , -განაცხადა კობახიძემ .
კონფერენცია დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.შეხვედრის ორგანიზატორების განცხადებით, მოწვევა პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც გააგზავნეს, თუმცა ისინი განხილვაში მონაწილეობას არ იღებენ.