28 მარტს,გაეროს უშიშროების საბჭოში,ქართული მხარის თხოვნით, უკრაინამ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რუსეთის პროვოკაციული მოქმედებების განხილვა მოითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას, გამოცემა „LB.ua", გაეროში უკრაინის სპეციალური წარმომადგენლის, ვლადიმერ ელჩენკოს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის დელეგაციამ უშიშროების საბჭოს სხდომაზე, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საპარლამენტო არჩევნებზე, 2017 წელს სამხრეთ ოსეთში დაგეგმილ "რეფერენდუმებზე", ოკუპირებული ტერიტორიისთვის სახელის შეცვლის და მისი რუსეთის ფედერაციაში უკანონო შესვლის შესახებ ისაუბრა.
უკრაინის დელეგაციამ უშიშროების საბჭოს წევრებს, პრესისთვის სპეციალური განცხადების გაკეთება შესთავაზა, რომლითაც ისინი კიდევ ერთხელ დაადასტურებდნენ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას. უკრაინული მხარის ეს წინადადება რუსეთმა დაბლოკა.
უკრაინული გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის წარმომადგენლის გარდა, ამ საკითხზე ყველას ერთიანი პოზიცია ჰქონდა. საბჭოს წევრებმა დაგმეს როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნები, ასევე გამშვები პუნქტების დახურვა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი ე.წ რეფერენდუმი.