რომის პაპ ფრანცისკეს მიაჩნია, რომ ევროკავშირს არ აქვს მომავლის ახალი ხედვა,რომელიც სოლიდარობის პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს, ამიტომ შეიძლება ორგანიზაციამ არსებობა შეწყვიტოს. ამის შესახებ კათოლიკური ეკლესიის მეთაურმა რომში, ევროკავშირის სამიტზე განაცხადა. სამიტი ბლოკის დაფუძნების მე-60 წლისთავს ეძღვნებოდა.
პაპის აზრით, ევროკავშირში ეკონომიკური და მიგრაციული პრობლემები, ასევე პოპულიზმის ზრდა გადაულახავი არ არის, თუმცა, თუკი ევროპა მათ არ უმკურნალებს, ისინი ფატალური აღმოჩნდება.
„როდესაც სხეული კარგავს მიმართულების გრძნობას და წინ ვეღარ იყურება, ის რეგრესს განიცდის და საბოლოო ჯამში, შეიძლება მოკვდეს.ევროპული სიცოცხლისუნარიანობის პირველი ელემენტი უნდა გახდეს სოლიდარობა" , -თქვა პაპმა ფრანცისკემ.
რომში ევროკავშირის დაარსების მე-60 წლისთავი საზეიმოდ აღნიშნეს. დოკუმენტი, რომელსაც 1957 წელს ხელი გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ, ბელგიამ, ნიდერლანდებმა და ლუქსემბურგმა მოაწერეს, ევროპული ეკონომიკური კავშირის შექმნის საფუძველი გახდა.