სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის წილის 91%-ის მფლობელები, ლევან და გია ყარამანიშვილები განცხადებას ავრცელებენ. ისინი „რუსთავი 2"-ის თანამშრომლებისთვის, საკონტროლო პაკეტის გადაცემის დეტალებს განმარტავენ.
ტელეკომპანიის მფლობელები „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მიერ, დღეს გაჟღერებულ შეთავაზებას არ იღებენ. ნიკა გვარამიას წინადადების მიხედვით, არხის მენეჯმენტს სურს შეიქმნას შუამავალი შპს, რომელიც მოლაპარაკებებში კოლექტივის ნაცვლად ჩაერთვება.
ყარამანიშვილების თქმით, შპს-ში შეიძლება იყოს 20-30 ან 50 დამფუძნებელი, ტელეკომპანიის ამჟამინდელი თანამშრომლების, მაქსიმუმ 5%. მფლობელები მიიჩნევენ, რომ ეს არხის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის გარანტი ვერ იქნება.
„ამგვარი სქემა არის უმოკლესი გზა იმისკენ, რომ „რუსთავი 2"-ის აწმყოსა და მომავლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს არა სრულმა კოლექტივმა, არამედ პირთა მცირე ჯგუფმა.ეს არასდროს ყოფილა ჩვენი ინიციატივის მიზანი და ეწინააღმდეგება როგორც ტელეკომპანიის, ასევე მისი თანამშრომლების დიდი უმრავლესობის ინტერესებს" , - ნათქვამია ყარამანიშვილების განცხადებაში.