თვითმფრინავის სალონში დიდი მოცულობის ელექტრონული მოწყობილობების შეტანა აიკრძალება. შეზღუდვებს კონკრეტულ ფრენებზე აშშ და დიდი ბრიტანეთი აწესებენ. ამის შესახებ ინფორმაციას „BBC"-ი ავრცელებს.
აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, ტერორისტები ცდილობენ ასაფეთქებელი მოწყობილობები ლეპტოპებსა და დიდ ელექტრონულ მოწობილობებში ჩააშენონ.
აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის მსგავსად, სამგზავრო შეზღუდვები შეიძლება კანადამაც დააწესოს და თვითმფრინავების ბორტზე ელექტრონული მოწყობილობების შეტანა აკრძალოს. ამის შესახებ ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა, მარკ გარნომ განაცხადა.
მინისტრის თქმით, მან აკრძალვების შემოღების საკითხი ამერიკის შიდა უსაფრთხოების მინისტრთან, ჯონ კელისთან განიხილა და მას შემდეგ სიტუაციას ყურადღებით სწავლობენ.
აშშ ტერორიზმის საფრთხის გამო ელექტრონული მოწყობილობების შეტანის აკრძალვას გეგმავს იმ თვითმფრინავების ბორტზე, რომლებიც ამერიკაში ჩრდილოეთ აფრიკის და ახლო აღმოსავლეთის რვა ქვეყნიდან მიფრინავენ. ეს ქვეყნებია: ეგვიპტე, იორდანია, ქუვეითი, მაროკო, კატარი, საუდის არაბეთი, თურქეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები. აკრძალვა განუსაზღვრელი ვადით დაწესდება.
ბრიტანეთის მთავრობა მობილური ელექტრომოწყობილობების შეტანას აკრძალავს იმ თვითმფრინავებში, რომლებიც ბრიტანეთში ექვსი ქვეყნიდან, თურქეთიდან, იორდანიიდნ, ლიბანიდან, ეგვიპტიდან, ტუნისიდან და საუდის არაბეთიდან დაფრინავენ.