„ჩემი ბედნიერი ოჯახი" პირველი ქართული ფილმია, რომლის გლობალური დისტრიბუციის უფლებები კომპანია „ნეტფლიქსმა" შეიძინა. ეს ნიშნავს,რომ ფილმი მსოფლიოს 130 ქვეყანაში საერთაშორისო მაყურებლისთვის ხელმისაწვდომი გახდება.
„ნეტფლიქსის" პრემიერამდე კი ფილმის „ჩემი ბედნიერი ოჯახი" ნახვას მაყურებელი საფრანგეთის, გერმანიისა და საქართველოს კინოეკრანებზე შეძლებს.
„ჩემი ბედნიერი ოჯახი" ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია. იგი ერთი ჩვეულებრივი ქართული ოჯახის შესახებ მოგვითხრობს, სადაც 3 თაობა ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს. უეცრად კი 52 წლის მარინა ოჯახიდან წასვლის გადაწყვეტილებას იღებს.
სოფიას საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმისათვის „ჩემი ბედნიერი ოჯახი" ნანა ექვთიმიშვილსა და სიმონ გროსს საუკეთესო რეჟისურისთვის პრიზი გადაეცათ.
გამოცემა„The New York Times"-მა ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი იმ ცხრა რეჟისორთა შორის დაასახელა, რომელთა ფილმიც აუცილებლად უნდა ნახოთ.