საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა, ე.წ. მოსმენების შესახებ კანონზე, პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა.
კომიტეტის სხდომაზე ორი კენჭისყრა ჩატარდა. პირველად კენჭი ეყარა მოტივირებულ შენიშვნებს, რომელსაც მხარდაჭერა მხოლოდ საპარლამენტო ოპოზიციამ გამოუცხადა.
მეორე კენჭისყრა კი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ჩატარდა. კანონპროექტმა მმართველი გუნდის სრული მხარდაჭერა მიიღო.
საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ მათ პრეზიდენტისგან ვერ მოისმინეს არგუმენტები. ეკა ბესელიას თქმით, წარდგენილი შენიშვნები პოლიტიკურად მოტივირებული იყო.
„თუ გვინდა მოვშალოთ დაცვის ყველა ზღვარი და რომანტიკული კანონები ვწეროთ - ასეთი უპასუხისმგებლო ნაბიჯები არ იქნება. ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო ისედაც აღმასრულებელი ხელისუფლების ქვეშ არის, პრემიერი კი აღმასრულებელ ხელისუფლებას ხელმძღვანელობს და არ მესმის ამ ლოგიკის, რომ სააგენტო პრემიერს უნდა დაექვემდებაროს" ,- განაცხადა ბესელიამ.
საქართველოს პარლამენტმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი 1 მარტს მიიღო. პარლამენტმა კანონი ხელმოსაწერად პრეზიდენტს 6 მარტს გადაუგზავნა. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ფარული მოსმენების განსახორციელებლად სუს-ის დაქვემდებარებაში „ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო" იქმნება.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან: ეკა ბესელია, არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე, ირაკლი სესიაშვილი, გიორგი ვოლსკი, სოფიო კილაძე.
უწყების შექმნა 14 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გახდა საჭირო. სასამართლომ ფარული მიყურადების განხორციელების საკანონმდებლო ნორმები არაკონსტიტუციურად ცნო.