სკანდინავიის და ბალტიის რვიანის ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეები, თბილისში ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდებიან. გაფართოებულ შეხვედრას ვიცესპიკერებიც ესწრებიან.
პარლამენტების თავმჯდომარეები საოკუპაციო ხაზთან უკვე იმყოფებოდნენ და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნენ. ისინი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებენ.
ლატვიის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარემ, ინარა მურნიეცემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, ეს ერთობლივი ვიზიტი საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერის დემონსტრირებაა.
„ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის ჩვენს პარტიორებთან და რა თქმა უნდა, საქართველოსთან. ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება, გააკეთოს დამოუკიდებელი და სუვერენული არჩევანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებით, საგარეო ზეწოლის გარეშე. საქართველო არის ნატოს და ევროკავშირის ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი. ჩვენ მივესალმებით საქართველოს არჩევანს და ვაგრძელებთ მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების მყარ მხარდაჭერას", - განაცხადა ინარა მურნიეცემ.
დღესვე დელეგაციის წევრები ფრაქციების წარმომადგენლებს შეხვდებიან, მოგვიანებით ისინი მთავრობის ადმინისტრაციაში გადაინაცვლებენ და პრემიერმინისტრთან გამართავენ აუდიენციას. დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთანაც. დელეგაციის ვიზიტი ხვალ დასრულდება.