საგარეო საქმეთა სამინისტრო ყირიმის ანექსიიდან 3 წლის შემდეგ, განცხადებას ავრცელებს. საგარეო უწყება გმობს უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას და საზღვრების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლის მცდელობას.
„დღეს, როგორც არასდროს, უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე, კონსოლიდირებული პოზიცია, რათა წინ აღვუდგეთ სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიას" , - აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას, მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
„ოკუპაციისა და ანექსიის ეს პრაქტიკა ძირს უთხრის დამკვიდრებულ საერთაშორისო წესრიგს და სერიოზულ საფრთხეს უქმნის საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტაბილურობას" , - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.