თბილისის მერია „ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ბრალდებას ეხმაურება. ოპოზიციური პარტიის განცხადებით, დედაქალაქის მერმა სარეზერვო ფონდიდან თანხა გადაურიცხა სოციალურად დაუცველ სტუდენტს, რომელიც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული არ იყო.
„ეს არის სრული სიცრუე და გავრცელებული ინფორმაცია თბილისის მერიის საქმიანობის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება.მსგავსი ტრაგიკული ისტორიებით მანიპულირება პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით, სცდება ყოველგვარ ზნეობრივ ნორმას" , - ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.
დედაქალაქის მმართველობით ორგანოში აცხადებენ,რომ თანხის გამოყოფა მოხდა არა როგორც სოციალურად დაუცველი სტუდენტისთვის, არამედ, როგორც მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ოჯახისათვის.
მერიის განმარტებით, სტუდენტი სოციალურად დაუცველი არ იყო და მისთვის თანხის გამოყოფა სცდებოდა განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის კომპეტენციას. თუმცა, სამსახურმა თბილისის მერთან შუამდგომლობის წერილი გაგზავნა და სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა სთხოვა.