გაზეთ „ქრონიკა პლიუსის" რედაქტორის, ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილი, დავით ხარშილაძე ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის გუშინ დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მისი პირადი ჩხრეკის დროს ამოღებულია 2 შეკვრა ფხვნილი და აბები.
დაკავებულის დედა მომხდარს მის საქმიანობას უკავშირებს. კილაძე საქმეში არსებულ დარღვევებზეც მიუთითებს და ნივთმტკიცებულებების გაყალბებაზე საუბრობს. ჟურნალისტის თქმით, სპეცოპერაციაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, იოსებ გოგაშვილი უშუალოდ მონაწილეობდა.
„პირდაპირ გეუბნებით, რომ სპეცოპერაციის დაგეგმვაში უშუალოდ იყო ჩართული სუს-ის უფროსის მოადგილე, იოსებ გოგაშვილი, რომელთანაც მე მაქვს ძალიან დიდი ხნის დაპირისპირება. თუ გარიგება ეხება იმას, რომ მე ჩემი ჟურნალისტური საქმიანობა შევწყვიტო ან რაიმე ტიპის ზემოქმედება მოახდინონ, ჩემი პასუხი იქნება - არა" , - აცხადებს ელისო კილაძე.
ჟურნალისტის თქმით, მის შვილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ექსპერტიზამ შესაძლოა შესაბამისი მედიკამენტების კვალი აჩვენოს. ელისო კილაძე ნარკოტიკების მიღებას გამორიცხავს.
„მას უმძიმესი თავის ტრავმა აქვს. ნარკოტიკების მოხმარება ექსპერტიზამაც და ნარკოლოგიურმა შემოწმებამაც გამორიცხა. თუ მესამე ექსპერტიზა რამე განსხვავებულს აჩვენებს, მე ამას გავასაჩივრებ. შეიძლება ეს იყოს იმ მედიკამენტების მიღების შედეგი, რითაც მკურნალობს. როგორც ადვოკატმა მითხრა, პოლიციელები ერთმანეთს ეკითხებოდნენ,როგორ ბიოც არ ამოუვიდაო? ან ინფორმატორი ჰყავდათ ცუდი, ან უბრალოდ ძალიან უნდოდათ რომ ნარკომანი ყოფილიყო" , - განაცხადა ელისო კილაძემ.
28 წლის დავით ხარშილაძეს, 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალი უკვე წარედგინა, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა - შენახვას გულისხმობს.დავით ხარშილაძის ახლობლებმა პოლიციის სამმართველოსთან საპროტესტო აქცია გამართეს.
დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, დავით ხარშილაძე ამბობს, რომ მისი დაკავება არაპროპორციული ძალის გამოყენებით მოხდა, ასევე ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას და სხვადასხვა პროცესუალურ დარღვევებს.
უფლებადამცველი ამბობს, რომ დავით ხარშილაძეს შუბლის არეში მცირე დაზიანება აღენიშნება, რომელიც ელისო კილაძის შვილის თქმით, დაკავების დროს მიიღო. დაკავებულთან იმყოფებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელიც, რომელიც მის სხეულზე დაზიანებების არსებობას ადასტურებს.