ნატო-ს გენერალური მდივნის 2016 წლის ანგარიშში წერია, რომ საქართველო ალიანსის ასპირანტი ქვეყანა და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. მას, აგრეთვე, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ნატო-ს მისიებში. ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოზე ალიანსის ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში საუბრობს
„2016 წელს მონტენეგროს მოწვევა არის ნათელი დადასტურება, რომ ალიანსის კარი ღიაა იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც სურთ გაწევრიანება და აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს. ნატო აგრძელებს მუშაობას ასპირანტ სახელმწიფოებთან - ბოსნია-ჰერცეგოვინა, საქართველო და მაკედონია. ალიანსს მათთან აქვს თანამშრომლობის ძლიერი პროგრამები, რათა დაეხმაროს რეფორმების განხორციელებასა და წევრობისთვის მომზადებაში" , - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
გენერალური მდივნის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში თავდაცვითი შესაძლებლობები ძლიერდება და ქვეყანა წვრთნებში მონაწილეობს. ალიანსი საქართველოს სპეციალური დანიშნულების ძალების და სამხედრო პოლიციის, ლოჯისტიკის, ავიაციის, საზღვაო და საჰაერო თავდაცვის მიმართულებებით ექსპერტულ დახმარებას სთავაზობს.
ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. აღნიშნულია, რომ ქვეყანა 870 სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის უმსხვილესი კონტრიბუტორია.