რეზონანსი
14.03.2017

 მეუფე პეტრე პატრიარქს, წმინდა სინოდის თავმჯდომარეს, მღვდელმთავრებს, სინოდის წევრებს და სინოდის მდივანს, მიტროპოლიტ შიოს წერილობით მიმართვას უგზავნის. წერილი 11 მარტს არის დაწერილი, თუმცა მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის წინამძღვარმა, იღუმენმა თამარ გამყრელიძემ ის „facebook"-ის საკუთარ გვერდზე დღეს გამოაქვეყნა.

მიმართვაში მეუფე პეტრე სინოდის სხდომას მიკერძოებულს უწოდებს და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ სინოდის წევრების უმრავლესობისგან განსხვავებით, გამოძიებას არ ენდობა.

„მამაოს მიერ საპყრობილიდან გამოგზავნილი წერილის წაკითხვა და მოსმენაც არ ჩათვალეთ აუცილებლად, რადგან წინასწარ თითქოს დაკვეთით დაწერილი წინადადებებით შემოვიფარგლეთ და სრული ნდობა გამოვუცხადეთ გამოძიებას, რომელშიც მე როგორც სინოდის წევრი არ გეთანხმებით" , - ნათქვამია მიმართვაში.

მეუფე პეტრე აღნიშნავს, რომ სრული ცილისწამებაა, თითქოს მისი გამოსვლა ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურებოდა.

„ვიტოვებ მღვდელმთავრულ ვალდებულებას, პასუხი გავცე ყველა ცრუ ბრალდებას" , - აცხადებს მეუფე პეტრე.

მეუფე პეტრე წერილში პირადად მიმართავს წმინდა სინოდის სხდომის მდივანს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს, დააკონკრეტოს ვის გულისხმობდა კლირიკოსში?

„55 კანონით, კლირიკოსში ვის გულისხმობთ? ნუთუ თქვენ, წმინდა სინოდის სხდომის მდივანს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს, ღვთისმეტყველების დოქტორს, წმინდა ალექსი სენაკელის საფლავის მცველს არ გესმით, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მსგავს ხარისხსა და ბრალდებას არ ექვემდებარება და მიმართულია განდგომილთადმი. უხერხულია, მსგავსი შეცდომების დაშვება....", -აცხადებს მიტროპოლიტი პეტრე.

წმინდა სინოდის 9 მარტის განჩინებაში წერია,რომ ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრეს განცხადებები მიმართულია ეკლესიის დისკრედიტაციისკენ და საქართველოს საპატრიარქოში მოღვაწე რიგ სასულიერო და საერო პირთა მიმართ ცილისწამებას წარმოადგენს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×