რეზონანსი
14.03.2017

 ბათუმში არეულობაში მონაწილე პირების სასამართლო პროცესები დღეს გაგრძელდება. კვირას, სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებული 3 პირის პროცესი დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზეა დანიშნული. მათ წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმეა აღძრული.

სახალხო დამცველის წარმომადგენელი, ციალა ქათამაძე დაკავებული პირების შესახებ შსს-სგან განსხვავებულ ციფრებს ასახელებს, მისი ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 75 პირი დააკავეს და არა 40. როგორც ძალოვან უწყებაში აცხადებენ, ბათუმში საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

ბათუმში ვითარება 11 მარტს, საღამოს ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტისას დაიძაბა. პოლიციამ 2 მოქალაქე მას შემდეგ დააკავა, რაც პატრულის თანამშრომელმა ერთ-ერთი მათგანი დააჯარიმა, რასაც იქ მყოფ მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით, პოლიციამ გოგებაშვილის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე კიდევ 4 პირი დააკავა.

აქციის მონაწილეებმა ქალაქის პოლიციის სამმართველოსთან გადაინაცვლეს. აქციაზე შეკრებილები დაკავებული პირების გათავისუფლებას და საპატრულო პოლიციის უფროსის გადადგომას ითხოვდნენ.

აქციის სავარაუდო ორგანიზატორი, „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის" დამფუძნებელი, მერაბ ღოღობერიძეა. ხელისუფლება პროვოცირებაში „ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებს, ოპოზიცია კი პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს, პოლიტიკოსების ნაწილი არეულობის მოწყობაში სუს-ის ხელსაც ხედავს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×