"ბევრს დღესაც ჰგონია, რომ კომუნისტური ეპოქა რელიგიისა და სამღვდელოების არსებობას არ ცნობდა, არადა, ცენტრალურ კომიტეტში, მინისტრთა საბჭოსთან სპეციალური სამსახური არსებობდა, რომელიც სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთოაბს არეგულირებდა," - ამბობს ჯუმბერ პატიაშვილი.
თუ როგორი იყო სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა იმ "ავადსახსენებელ კომუნისტურ ეპოქაში", დღევანდელ სტატიაში რამდენიმე საინტერესო ამბავს გავიხსენებთ, ამაში კი საქართველოს კომუნისტური პარტიის ცეკას ყოფილი პირველი მდივნის, ჯუმბერ პატიაშვილის მოგონებები დაგვეხმარება.
"საქართველოს პატრიარქს, მის უწმინდესობა ილია მეორეს პირველად მაშინ შევხვდი, როცა რესპუბლიკის ხელმძღვანელი გავხდი და ამის შემდეგ ვერ ვიხსენებ ვერც ერთ წინადადებას, რომლითაც საპატრიარქოს, პირადად პატრიარქს მოუმართავს ჩვენთვის და იგი დადებითად არ გადაწყვეტილიყო. პატრიარქი ყოველთვის მადლიერებით იხსენებდა იმ დროს, როცა ნინოწმინდის, მაშინდელი ბოგდანოვკის რაიონში ფოკას მონასტერს ოცი ჰექტარი საეკლესიო ფართობი გადავეცით. ეს მიწები საუკუნეების განმავლობაში ისტორიულად ეკუთვნოდა მონასტერს. იმ პერიოდისთვის კი არათუ მიწის ფართობი, მონასტერს მონასტრული ცხოვრება და ფუნქციაც აღარ გააჩნდა.
პატრიარქის თხოვნითა და წინადადებით აღდგა მეტეხის ეკლესიაც. მეტეხის ციხეში მანამდე ახალგაზრდული თეატრი იყო განთავსებული. თეატრის დასსა და მთავარ რეჟისორ სანდრო მრევლიშვილს ალტერნატიული შენობა გამოვუყავით, მეტეხში კი, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს დაექვემდებარა, ჯერ სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა, შემდეგ კი წირვა-ლოცვა აღდგა.
მეტეხის ბედი მალე გაიზიარეს გელათის მონასტერმა და ბოლნისის სიონმა. მანამდე ორივე ისტორიულ ძეგლთა სამმართველოს დაქვემდებარებაში იყო. პატრიარქის თხოვნით ისინი საქართველოს ეკლესიას გადაეცა და მოქმედი გახდა. ყოველწლიურად მილიონობით მანეთი იყო გამოყოფილი ეკლესია-მონასტრების აღდგენა-რესტავრაციისა და აუცილებელი სამუშაოების ჩასატარებლად. სხვათა შორის, სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის იდეაც და ამ იდეაზე მომუშავე კომისიის შემადგენლობაც იმ წლებში ჩამოყალიბდა," - ამბობს ჯუმბერ პატიაშვილი.
რაც შეეხება იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საქართველოს ეკლესიისთვის დაბრუნების საკითხს, ამის მცდელობა გვქონდა იმ დროისათვის საბჭოთა კავშირი ისრაელის მთავრობას იმ ეკლესია-მონასტრებს ედავებოდა, რომლებიც საბჭოთა კავშირის შემადგენელ რესპულიკებს ისტორიულად ეკუთვნოდა. რასაკვირველია, ძირითადად ეს იყო რუსული ეკლესია-მონასტრები, ჯვრის მონასტერი კი ამ ჩამონათვალში არსად ჩანდა.
საქართველოს საპატრიარქოს თხოვნას ჩვენი, საქართველოს რესპუბლიკის ხელმძღვანელობის მოთხოვნაც დავურთეთ, რომელსაც თან ახლდა ისტორიული, დოკუმენტური მასალა - ირაკლი აბაშიძის, აკაკი შანიძისა და გიორგი წერეთლის მიერ წმინდა მიწაზე, კერძოდ, ჯვრის მონასტერში გადაღებული ფოტოები და ქართული ფრესკები, მათ შორის, შოთა რუსთაველის ფრესკაც, და მოსკოვში საგარეო საქმეთა სამინისტროში გავაგზავნეთ.
ერთ-ერთი შეხვედრის დროს პატრიარქმა მითხრა, რომ არსებული სასულიერო სემინარია არასაკმარისია ჩვენი ქვეყნის სულიერი განვითარებისათვის. კარგი იქნება, საქართველო არის ამის ღირსი, რომ ჩვენი სასულიერო აკადემიაც გვქონდეს. რადგან სიონის საკათედრო ტაძრის ეზოშივე მდებარეობდა უწმინდესის რეზიდენცია, გადავწყვიტეთ, სასულიერო აკადემიისთვის შესაფერისი ფართობი მიმდებარე ტერიტორიაზე გამოგვეყო. მოსახლეობას ალტერნატიული საცხოვრებელი შევთავაზეთ, გამოთავისუფლებულ ფართობზე კი სასულიერო აკადემია განთავსდა," - ასე იხსენებს ჯუმბერ პატიაშვილი კომუნისტებისა და ეკლესიის მესვეურთა ურთიერთობას საბჭოთა პერიოდში.
დავით გარეჯის კომპლექსთან დაკავშირებული უცნობი დეტალები
"საქართველოს გასაბჭოებისას, 1921 წელს, დადგენილი საზღვრებით, სამოცდაათ ჰექტარზე მეტი მიწა და ბერთუბანი თავისი უძველესი, უნიკალური ფრესკებით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოხვდა. ეს იყო ის რეალობა, რომლის შეცვლა მხოლოდ გარკვეული დათმობით, კერძოდ ტერიტორიების მონაცვლეობით იყო შესაძლებელი. ამიტომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან ინტენსიურ მოლაპარაკებას ვაწარმოებდით და ბერთუბანისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის სანაცვლოდ ანალოგიური მოცულობის, სამოცდაათ ჰექტარ მიწას ივრის პირას ვთავაზობდით.
ამ საკითხზე ქართველი ისტორიკოსები და არქეოლოგები მუშაობდნენ, მათ ახალი საზღვრების მიხედვით რუკა შეადგინეს, ჩაუტანეს აზერბაიჯანელ კოლეგებს, მათგან თანხმობაც მივიღეთ, მაგრამ ორი რესპუბლიკის შეთანხმება ამ საკითხის გადასაწყვეტად საკმარისი არ იყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე სამხედრო ბაზები იყო განლაგებული და, ბუნებრივია, მიწათმონაცვლეობისა და რესპუბლიკებს შორის ახალი საზღვრების დადგენის საკითხი საკავშირო თავდაცვის სამინისტროს უნდა განეხილა და დაემტკიცებინა. სამხედრო პოლიგონის ოთხმოცდაათი პროცენტი აზერბაიჯანის, ათი პროცენტი კი საქართველოს ტერიტორიაზე იყო განლაგებული.
პირველი სტუდენტური მღელვარება დედაქალაქში დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე განლაგებულმა პოლიგონმა გამოიწვია. საკავშირო თავდაცვის სამინისტროსთან მოლაპარაკება დავიწყეთ. ისინი აცხადებდნენ, რომ გარეჯის სამონასტრო კომპლექსის დაზიანება სამხედრო პოლიგონით არ იყო გამოწვეული, რადგან წვრთნებსა და სამხედრო მენევრებში მძიმე სამხედრო ტექნიკა ჩართული არ იყო და აღნიშნულ ტერიტორიაზე მხოლოდ სროლა მიმდინარეობდა. საკავშირო თავდაცვის სამინისტროს ეს განცხადება სტუდენტებსა და არაფორმალებს არადამაჯერებლად მიაჩნდათ.
ამ დროისთვის თბილისში წარმოშობით თბილისელი აკადემიკოსი ევგენი პრიმაკოვი იმყოფებოდა, რომელიც მოსკოვში მოღვაწეობდა და გორბაჩოვთან მეგობრობდა. როდესაც ჩემთან სტუმრად მყოფ პრიმაკოვს გარეჯის გერშემო შექმნილი სიტუაციის შესახებ ვუამბე, მან ჩემი თანდასწრებით, ჩემივე კაბინეტიდან ტელეფონით დაურეკა გორბაჩოვს და ჯერ დეტალურად აუხსნა პრობლემის არსი, მერე კი სთხოვა, მხარი დაეჭირა ქართველი ახალგაზრდებისთვის. ამის შემდეგ გორბაჩოვმა ჩემთან გააგრძელა საუბარი და მითხრა, რომ მოსკოვში პერსონალურად მისთვის ჩამეტანა გარეჯის შესახებ არსებული წიგნები და ისტორიული მასალა.
რასაკვირველია, მეორე დღესვე დავინტერესდი ისტორიული წყაროებით. ისტორიის ინსტიტუტიდან მომიტანეს ჩუბინიშვილის მიერ გამოცემული წიგნი, რომელშიც ქართულ ისტორიულ ძეგლებზე, მათ შორის გარეჯზეც იყო საუბარი. წიგნი და მისი გარეკანი საკმაოდ შელახული იყო (დავით გარეჯი, როგორც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შემადგენელი ნაწილი, ოფიციალურ დოკუმენტებში მხოლოდ 1922 წელს გაჩნდა; 1921 წელს ხელოვნებათმცოდნე გიორგი ჩუბინიშვილის მიერ გარეჯის მონასტერში მოწყობილი კომპლექსური ექსპედიციის შედეგად. რედ)
მოსკოვში გამგზავრებამდე უნივერსიტეტში სტუდენტებს შევხვდი. 29 სექტემბერს მოსკოვში ჩავედი. გორბაჩოვს შევხვდი და ჩუბინიშვილის წიგნიც გადავეცი. გორბაჩოვმა წიგნი გადაათვალიერა და მთხოვა, დამიტოვე, უკეთ გავეცნობიო. ამის შემდეგ კი ჩემი თანდასწრებით თავდაცვის საკავშირო მინისტრ იაზოვს დაურეკა. დიალოგი ჩემთვის და, ალბათ, იაზოვისთვისაც სრულიად მოულოდნელი კითხვით დაიწყო: - დიმიტრი ტიმოფეევიჩ, თქვენ მართლმადიდებელი ქრისტიანი ხართ? როგორც ჩანს, იაზოვმა დაუდასტურა, რადგან ამის შემდეგ გორბაჩოვმა უთხრა: - ძალიან კარგი. მაშინ ახლა თქვენთან მოვა საქართველოს ცეკას (ცენტრალური კომიტეტის - რედ.) პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი და საკითხი დადებითად გადაწყვიტეთ. გამოვედი თუ არა გორბაჩოვის კაბინეტიდან, მისაღებიდანვე დავუკავშირდი იაზოვს, რომელმაც შეხვედრა მეორე დღეს, 29 სექტემბერს, სამ საათზე დამინიშნა.
დათქმულ დროს მივედი იაზოვთან. შეხვედრის პირველივე წუთებიდან ვიგრძენი, რომ იაზოვს არც გორბაჩოვის დავალება ჰქონდა კარგად გააზრებული და არც გარეჯის პოლიგონთან დაკავშირებული პრობლემის არსი.
- პოლიგონი ძვირადღირებულია, მისი გადატანა შეუძლებელია, მაგრამ მაშინაც კი, თუ ამ შეუძლებელს შევძლებთ, სანაცვლოდ საქართველომ ათი ათასი ჰექტარი მიწა უნდა გამოყოს ახალი პოლიგონისთვის - მითხრა იაზოვმა.
- საქართველო ყველაზე მცირემიწიანი რესპულიკაა და გამორიცხულია, პოლიგონისთვის ამხელა ფართობის გამოყოფა შევძლოთ, ვუპასუხე და იქვე შევახსენე, რომ მას, როგორც საკავშირო თავდაცვის მინისტრს, ქვეყნის პირველი პირისგან დავალება ჰქონდა მიღებული და კეთილი უნდა ენება, ეს დავალება შეესრულებინა. ამის შემდეგ დიალოგი აღარ გაგრძელებულა. სათქმელი აღარაფერი მქონდა. უკმაყოფილომ და გაღიზიანებულმა დავტოვე იაზოვის კაბინეტი, თუმცა იგი უკან გამომყვა, ლიფტამდე მიმაცილა.
თბილისში დაბრუნებულს ორი-სამი დღის შემდეგ როდიონოვი დამიკავშირდა და მითხრა: დღეს დილით, ათი საათისთვის იაზოვი საქართველოში ჩამოვა და პოლიგონი უნდა დავათვალიერებინოთო.
იაზოვი როდიონოვთან და საკმაოდ სოლიდური წარმომადგენლობის გენერალიტეტთან ერთად მართლაც ჩამოვიდა თბილისში, ასეთი ფართომასშტაბიანი და მნიშვნელოვანი ვიზიტი ტელევიზიებსაც უნდა გადაეღოთ, თუმცა თვითმფრინავის ტრაპთან ჩამოსული იაზოვის პირველი სიტყვები იყო: - უბერიტე ტელევიდენიე!
რა გაეწყობოდა, ტელეკამერების გარეშე წავედით ბერთუბანში, კოკისპრიულად წვიმდა. იაზოვს საცალფეხო ბილიკზე ფეხი დაუცდა და ძლივს გადაარჩინა დაცვამ. უხმოდ, უსიტყვოდ დაათვალიერა ყველაფერი. თხუთმეტი გენერალი ახლდა. თითქოს შეთანხმებულები იყვნენ, არც ერთი არ იღებდა ხმას. ბოლოს ერთმა მათგანმა გვერდით გამიხმო და ჩურჩულით, მაგრამ მკაფიოდ მითხრა - თუ პოლიგონი გაუქმდა, თქვენ ქართველები, ამ ტერიტორიაზე ფეხს ვეღარ დაადგამთ! ნათელი იყო, რასაც გულისხმობდა.
იაზოვმა და მისმა ამალამ ისე დატოვეს ჯერ გარეჯის, შემდეგ კი საქართველოს ტერიტორია, რომ კატეგორიული გამომეტყველება ბოლომდე შეინარჩუნეს. მივხვდი, რომ გადაწყვეტილება ადგილზე არ მიუღიათ. იაზოვმა მხოლოდ ერთი წინადადება თქვა: - აქ არ იქნება ისეთი სროლა, რომელიც ისტორიულ ძეგლებს დააზიანებს. აეროპორტიდან - პირდაპირ გარეჯში, გარეჯიდან კი პირდაპირ აეროპორტში წავიდნენ და იმავე დღეს დატოვეს საქართველო. ერთადერთი, რაც მათი გადაწყვეტილებიდან ჩვენთვის იმ დღესვე გახდა ცნობილი, ის იყო, რომ უახლოეს დღეებში გარეჯის ტერიტორიაზე სამხედრო მანევრები ჩატარდებოდა, რომელშიც მძიმე სამხედრო ჯავშანტექნიკასა და ავიაციასაც გამოიყენებდნენ. ამ საცდელ მანევრებს ქართული მხარის წარმომადგენლებიც დაესწრებოდნენ და საკუთარი თვალით ნახავდნენ, დააფიქსირებდა თუ არა სპეციალური მოწყობილობა გარეჯში განთავსებული ისტორიული ძეგლების დაზიანების ფაქტს. საცდელი სამხედრო მანევრები რამდენიმე დღეში მართლაც ჩატარდა. მარნეულის სამხედრო აეროპორტიდან გარეჯში ბომბებით დატვირთული თვითმფრინავები გადაფრინდნენ, ექსპერიმენტში სახმელეთო მძიმე ტექნიკაც ჩაერთო. პროცესს, როგორც შეთანხმებული იყო, ქართველი სპეციალისტებიც დაესწრნენ. ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ ისტორიულ ძეგლებზე სამხედრო მანევრების შედეგად არანაირი ზიანი არ დაფიქსირებულა. მთავარი სიტყვა მთავარსარდალს უნდა ეთქვა.
გორბაჩოვის გადაწყვეტილების მოლოდინში დრო უქმად არ დაგვიკარგავს. აზერბაიჯანთან გავაგრძელეთ მოლაპარაკება ტერიტორიათმონაცვლეობის საკითხზე და მარტის თვეში მივიღეთ კიდეც მათგან თანხმობა. თუმცა ამ პერიოდისათვის საქართველოში მოვლენები იმდენად დრამატულად ვითარდებოდა, რომ გარეჯმაც და ბერთუბანმაც უკანა პლანზე გადაინაცვლა. მიწათმონაცვლოების რუკა, რომელზეც საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრები ცვლილებებით იყო დატანილი, საპატრიარქოს გადავეცი.
რაც შეეხება გორბაჩოვს და მის პოზიციას გარეჯის კომპლექსთან და სამხედრო პოლიგონთან დაკავშირებით, იაზოვის ვიზიტიდან ცოტა ხნის შემდეგ მოსკოვიდან ამანათი მივიღე; ამანათში ჩუბინიშვილის ის წიგნი იდო, რომელიც გორბაჩოვს დავუტოვე ძეგლის უკეთ გასაცნობდა, მაგრამ მას განახლებული სამი ეგზემპლარიც ახლდა. შელახული ორიგინალი განახლებულ ეგზემპლართან ერთად ისტორიულ ინსტიტუტში დავაბრუნე, მეორე ეგზემპლარი ცენტრალურ კომიტეტში დავტოვე. ჩუბინიშვილის წიგნის განახლებული ეგზემპლარების საქართველოში გამოგზავნით გორბაჩოვმა ორიგინალური, სიმბოლური ფორმით თქვა თავისი სათქმელი," - ასე იხსენებს საქართველოს ცეკას ყოფილი პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი გარეჯის სამონასტრო კომპლეტსთან დაკავშირებულ პრობლემებს და ამბობს, რომ სამწუხარო ისაა, რომ ამდენი ხანი გავიდა, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მაგრამ გარეჯი და ბერთუბანის პრობლემა ვერ გადაწყდა. ვერც იმ ადამიანებმა შეძლეს, ვინც საზოგადოებრივ ასპარეზზე სწორედ გარეჯის თემაზე ხმამაღალი განცხადებებით გამოვიდნენ და პოლიტიკურ კარიერაშიც პირველი ნაბიჯები გარეჯის თემაზე სპეკულირებით გადადგეს.