რეზონანსი
12.03.2017

 „ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებული აქცია ბათუმში დღეს აღარ გაიმართება. ოპოზიციის წევრების განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით მიიღეს.

„ენმ"-ის ბათუმის ორგანიზაციის წევრები გუშინ მომხდარ დაპირისპირებაში პასუხიმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მმართველი გუნდის მიერ გაკეთებულ განცხადებას, თითქოს აქციის ორგანიზებაში მონაწილეობას ოპოზიციური პარტიის წევრები იღებდნენ. უმცირესობის წევრების თქმით ღამით დაწყებული პროტესტი ძალოვანი უწყებების მიერ იყო დაგეგმილი.

„ამ აქციის მთავარი ორგანიზატორები იყვნენ ადამიანები, რომლებიც ხან ჩვენი პარტიის ოფისს, ხან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, კვერცხსა და ქვებს ესროდნენ. სრული უპასუხისმგებლობაა ამ მესიჯების „ნაციონალური მოძრაობის" მიმართულებით გადმოყვანა" , - განაცხადა „ენმ"-ის ბათუმის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ.

ოპოზიციურმა პარტიამ გუშინ აქციასთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდა. „ენმ"-ის თქმით, დესტაბილიზაციაზე სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

„საგანგაშო იყო ხელისუფლების არაადეკვატური რეაქცია სახალხო პროტესტზე. მისი სრული უმოქმედობა, დროულად განემუხტა ვითარება, რასაც პროცესების ძალადობაში გადასვლა მოჰყვა. სპეცრაზმი ხელისუფლებაზე გაბრაზებული მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენეს. სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული ძალადობის ესკალაციის მიზეზები და გარემოებები" , - ნათქვამია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×