დე ფაქტო საკანონმდებლო ორგანოში, 35 სადეპუტატო ადგილისთვის 137 კანდიდატი იბრძვის. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა.
საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა დე ფაქტო პრეზიდენტმა.რაულ ხაჯიმბას თქმით, პარლამენტში რადიკალიზმის ადგილი არ არის და საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ პატრიოტები უნდა შევიდნენ.
„სახალხო კრებაში უნდა მოვიდნენ ის ადამიანები, ვისაც კარგად ესმის, რატომ მიდიან პარლამენტში. საკანონმდებლო ორგანოში ადგილები უნდა დაიკავონ ადამიანებმა, ვისაც პასუხისგებლობის გრძნობა გააჩნიათ" , - განაცხადა ხაჯიმბამ.
რუსული მედიის ცნობით, აფხაზეთში ე.წ საპარლამენტო არჩევნებს რუსეთიდან, სამხრეთ ოსეთიდან და მთიანი ყარაბაღიდან ჩასული ექსპერტები დააკვირდებიან.
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ვრცელი მასალა მოამზადა „BBC"-ის რუსულმა ბიურომ. ბრიტანული ტელეკომპანია ექსპერტების განცხადებებსაც ავრცელებს.
კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის კოორდინატორის, ალექსანდრ სკაკოვის განცხადებით, პრო-აფხაზურ ძალებს რუსეთთან მოკავშირეობითი ურთიერთობა სურთ.
„აფხაზეთში ახლა ბრძოლა არ მიმდინარებს ანტი-რუსულად , პრო-რუსულად, პრო-დასავლურად, პრო-ქართულად ან პრო-თურქულად მებრძოლ ძალებს შორის. ყველა ძალა იქ პრო-აფხაზურია და მათ რუსეთთან მოკავშირეობითი ურთიერთობის აუცილებლობაში ეჭვიც არ ეპარებათ" , - განაცხადა ალექსანდრ სკაკოვმა.
ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები პოლიტიკის ექსპერტების შეფასებით კი, წლევანდელი საპარლამენტო არჩევნების მთავარი ინტრიგა, ექსპრეზიდენტის, ალექსანდრ ანქვაბის მონაწილეობაა, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ანქვაბმა დე ფაქტო პარლამენტის სპიკერის პოსტი დაიკავოს.