თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, კლდიაშვილის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა გუშინ ღამე სხვადასხვა სასტუმროებში დაბინავდა.
"გუშინ მე, მერიის შესაბამისი სამსახურები, რაიონული გამგეობა პოლიციასთან ერთად ვიმყოფებოდით ადგილზე, პირველ ეტაპზე ვიმუშავეთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ნაწილზე. დღეს დილიდან ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და თბილისის მერიის ლაბორატორიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს შენობა. ამ ეტაპზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება მიმდინარეობს. გუშინ ღამე მოსახლეობა სხვადასხვა სასტუმროებში დაბინავდა. დღეიდან, იქ, სადაც უსაფრთხოა ცხოვრება, მოსახლეობა, რასაკვირველია, შევა თავის სახლებში, თუმცა არის დაზიანებული ბინებიც, სადაც აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებზე ვიმუშავებთ, რათა დროულად აღდგეს,"- განაცხადა ნარმანიამ.
ხანძრის შედეგად გუშინ კლიდიაშვილის ქუჩაზე 2000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი დაიწვა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.