წმინდა სინოდის სხდომის განჩინება სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა საზოგადოებას გააცნო.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმინდა სინოდის წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ბრძანა, რომ უახლოეს ხანში, ამა წლის 25 მარტს, ჩვენი ერი და ეკლესია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის აღდგენის 100 წლისთავს იზეიმებს.
„კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ასევე შეეხო ეკლესიაში განვითარებულ მოვლენებს. მან მწუხარებით აღნიშნა, რომ გახშირდა შემთხვევები, როდესაც სასულიერო პირები საჯარო სივრცეში ერთმანეთის მისამართით შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ და რომ მორწმუნე საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მძიმე იყო ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრეს (ცაავა) მიერ ბოლო დროს საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებები. ამ საკითხთან დაკავშირებით წმინდა სინოდის წევრებმა იმსჯელეს. ითქვა, რომ მიტროპოლიტი პეტრე უხეშად არღვევს ეკლესიის მიერ სასულიერო პირთათვის დადგენილ კანონიკურ და ეთიკურ ნორმებს (მოციქულთა 34-ე და 55-ე; ანტიოქიის ადგილობრივი კრების მე-9; მეორე მსოფლიო კრების მე-6 და ტრულის კრების მე-20 კანონი), რომ მისი განცხადებები მიმართულია ეკლესიის დისკრედიტაციისკენ და წარმოადგენს საქართველოს საპატრიარქოში მოღვაწე რიგ სასულიერო და საერო პირთა მიმართ ცილისწამებას და დაუსაბუთებელ ბრალდებას, რაც დამაბრკოლებელია და შფოთისმომტანი, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლში, ასევე ზოგადად ჩვენს ქვეყანაში და უცხოეთში მცხოვრებთა შორის.
საპასუხო სიტყვა მიეცა მიტროპოლიტ პეტრე ცაავას. იგი შეეცადა თავისი პოზიციების დაცვას. მღვდელმთავრებმა მას მხარი არ დაუჭირეს. წმინდა სინოდმა დაადგინა: ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას მიეცეს გაფრთხილება და გათავისუფლდეს საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების" დირექტორის თანამდებობიდან.