საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ჟენევაში გამართულ ადამიანის უფლებათა საბჭოს 34-ე სესიაზე,სიტყვით გამოვიდა და საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის მხრივ არსებული ვითარება შეაფასა. ამის შესახებ ინფორმაციას,ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
თავის გამოსვლაში სახალხო დამცველმა ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებები დადებითად შეაფასა, თუმცა, აღნიშნა, რომ აუცილებელია გაძლიერდეს არსებული რეგულაციების აღსრულების მექანიზმი და გაუმჯობესდეს პასუხისმგებელი ორგანოების შესაძლებლობები.
სახალხო დამცველმა ბავშვის მიმართ ძალადობის, ასევე ადრეული ქორწინების შემთხვევათა გამოვლენის და მათზე დროული და ეფექტური რეაგირების საკითხები განიხილა. ომბუდსმენის განცხადებით, ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალებს ძალადობის პრევენციის უნარ-ჩვევები არ აქვთ. ამ მიმართულებით მთავარ გამოწვევად ცნობიერების დაბალი დონე, სერვისების მიწოდებისას ხარვეზები და არაეფექტური რეაგირება რჩება.
ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე ბავშვებით ვაჭრობის, ბავშვთა პროსტიტუციისა და პორნოგრაფიის შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებლის, მოდ დე ბოერ-ბუკიკიოს საქართველოში ვიზიტის ანგარიში განიხილეს.