რეზონანსი
08.03.2017

 სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმის ზეპირი მოსმენა დაიწყო. საქმე მერაბიშვილის ციხიდან შესაძლო გაყვანის ფაქტს ეხება.

საქართველოს, იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს, მერაბიშვილის ინტერესებს კი, ადვოკატი ოთარ კახიძე იცავს.საქმეზე 17 მოსამართლისგან შემდგარი დიდი პალატა იმსჯელებს. განხილვა დღესვე დასრულდება, თუმცა უცნობია როდის გამოიტანს დიდი პალატა გადაწყვეტილებას. ევროპულ სასამართლოში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ბარამიძეც იმყოფება.

ვანო მერაბიშვილის ადვოკატის განმარტებით, სასამართლომ უნდა დაადგინოს დაირღვა თუ არა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია.

„8 მოსამართლისგან შემდგარმა სექციამ ერთხმად დაადგინა, რომ ვანო მერაბიშვილის პატიმრობა არ ემსახურებოდა კანონიერ მიზნებს და საქართველოს ხელისუფლებას შეფარული პოლიტიკური დღის წესრიგი ამოძრავებდა" , - განაცხადა ოთარ კახიძემ.

საქართველოს მთავრობამ 2016 წლის 13 სექტემბერს ევროსასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება გაასაჩივრა,რომლის მიხედვითაც მერაბიშვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ მერაბიშვილის პატიმრობა კანონიერი იყო, მაგრამ კითხვის ნიშანი 2013 წლის 14 დეკემბერს, მისი საკნიდან სავარუდო გაყვანის საქმეზე გაჩნდა.

სტრასბურგის სასამართლოზე გადამწყვეტი გავლენა იქონია სავარაუდოდ მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ინციდენტმა და ამ ფაქტის გამოუძიებლობამ. სასამართლომ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა იმ გარემოებას, რომ ციხის ადმინისტრაციამ არ წარმოადგინა სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერი, ხოლო პრემიერმინისტრი, სასჯელაღსრულების მინისტრი და მთავარი პროკურორი ამ საქმის ობიექტურ გამოძიებას ღიად ეწინააღმდეგებოდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×