დონალდ ტრამპმა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების შესახებ ხელი ახალ განკარგულებას მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას, „BBC" ავრცელებს. განკარგულება 90 დღით კრძალავს აშშ-ის ტერიტორიაზე 6 ქვეყნის მოქალაქეების შესვლას. ეს ქვეყნებია: ირანი, იემენი, ლიბია, სირია, სომალი და სუდანი.
პირველი განკარგულებისგან განსხვავებით, ახალ ჩამონათვალში აღარ არის ერაყი, რადგან უშიშროების სამინისტროს ცნობით, ამ ქვეყანამ თავისი მოქალაქეების შესახებ ამერიკის ხელისუფლებისთვის ინფორმაციის მიწოდება გააუმჯობესა.
დოკუმენტის მოქმედება არ გავრცელდება იმ ადამიანებზე, რომლებმაც ვიზები ან ამერიკაში ცხოვრების უფლება 27 იანვრამდე მიიღეს.
ეს ზომა არ შეეხება მათ, ვისაც უკვე განუსაზღვრეს ამერიკაში ჩასვლის დრო, ვის შესვლაზეც ნებართვა გაცემულია ან უკვე შეუშვეს ქვეყანაში.
პირველი განკარგულება, რომელმაც ამერიკის საიმიგრაციო პოლიტიკა გაამკაცრა, დონალდ ტრამპმა 27 იანვარს გამოსცა. დოკუმენტს ქვეყანაში პროტესტის მასშტაბური ტალღა მოჰყვა.