ანგელა მერკელი თურქეთის პრეზიდენტის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც გერმანიის ხელისუფლება ფაშისტური მეთოდების გამოყენებაში დაადანაშაულა. კანცლერის თქმით, მსგავსი ტერმინოლოგიის გამოყენებას არანაირი გამართლება არ აქვს. ამის შესახებ სააგენტო „Reuters"-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ერდოღანის კრიტიკა გერმანიაში თურქი მინისტრებისთვის უარს მოჰყვა, იქ მცხოვრები თურქებისთვის რეფერენდუმის კამპანია ეწარმოებინათ.
მერკელის თქმით, ერდოღანის გამონათქვამები აუფასურებს იმ ადამიანების უდიდეს ტანჯვას, რომლებიც ნაციზმის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებს ემსხვერპლნენ.
კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობა, რომელიც პრესის, გამოხატვის და შეკრების თავისუფლების ღირებულებების ერთგულია,გერმანიაში საკონსტიტუციო რეფერენდუმის წინ, თურქი პოლიტიკოსების აგიტაციას ხელს არ შეუშლის.
5 მარტს, თურქეთის პრეზიდენტმა გერმანიაში მისი მხარდამჭერი აქციების აკრძალვა, ნაცისტების ქმედებას შეადარა.
„თქვენ არაფერი გაქვთ საერთო დემოკრატიასთან და უნდა იცოდეთ, რომ თქვენი დღევანდელი ქმედებები არაფრით განსხვავდება ნაცისტების ქმედებებისგან", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.