ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ეხმაურება აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ოკუპირებული ტერიტორიის, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე განთავსებული ორი გადასასვლელი ხიდი ჩაიკეტა. სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს და გადასასვლელების გახსნას მხარს უჭერს. აშშ-ის პოზიციას საქართველოში აშშ-ის საელჩო აქვეყნებს.
„ამგვარი ქმედებები არა მხოლოდ ართულებს ადგილობრივთა ჰუმანიტარულ მდგომარეობას, არამედ ნიადაგს აცლის საზოგადოების ნდობასა და რწმენას და აზარალებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიას" , - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
აშშ-ის სახელწმიფო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ხურჩა-ნაბაკევის და ორსანტია-ოტობაიას გადასასვლელები 5 მარტს ჩაიკეტა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ფაქტი დაგმო.
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2016 წლის განმავლობაში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა თაგილონისა და ლეკუხონას სოფლების ე.წ. გადასასვლელი პუნქტებიც დახურეს.